პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – საქართველოს ნატოში ინტეგრაცია განსაზღვრულია, როგორც საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანა
ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით ნატოს - ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნატოს დღეების“ დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში „ნატოს დღეების“ საზეიმო გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სურვილს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მისი თქმით, ზუსტად 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ყველა პირობას ასრულებს იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს.

„ზუსტად 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე, მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მას შემდეგ საქართველო ვითარდება, ასრულებს ყველა პირობას იმისთვის, რომ სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სურვილი, გავხდეთ ნატოს წევრი, ეფუძნება როგორც მოსახლეობის ნებას, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებას. მოსახლეობამ, ბოლო არჩევნებში, როგორც საპარლამენტო, ასევე, მუნიციპალურ არჩევნებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი განწყობა დასავლური ინტეგრაციის მიმართ, ორივე არჩევნებში მოსახლეობის 90 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ, რაც მოწმობს იმას, რომ ხალხის ნება, გახდეს საქართველო დასავლური ოჯახის წევრი, არის ურყევი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |