სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი სოციალური დახმარების საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აისახა
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პირველ ვერსიასთან შედარებით 73.9 მლნ ლარით იზრდება და 3 937.0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%) შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნების ზრდა ძირითადად გამოწვეულია სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისათვის 50-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტის შემოღებით. კერძოდ, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, შემოღებული იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება. დახმარების ფარგლებში 20 ლარი (დღეს არსებული 10 ლარის ჩათვლით) იქნება ფულადი სარგებელი, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი, რისთვისაც გათვალისწინებულია 70 მლნ ლარამდე.

სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 763.7 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია 1 044.6 მლნ ლარამდე. მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 11.0 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.7 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 12.5 მლნ ლარზე მეტი; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 12,2 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 36.3 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა - 24.0 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიაბეტის მართვა - 13.5 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 44.7 მლნ ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 20.0 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 20.0 მლნ ლარი (გაორმაგდა პროგრამის დაფინანსება) და სხვა.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი. შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა 92,7 მლნ ლარს შეადგენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები