მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ერთი ოჯახი ვართ — სააკაშვილი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ
“ყველანი მივხვდით რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ .

სააკაშვილმა უგულავას მადლობა გადაუხადა “ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის” და “ევროპული საქართველოს” ნაბიჯი, მხარი დაეჭირათ გრიგოლ ვაშაძისათვის, “ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრებად” შეაფასა.

“მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე. ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი”, — განუცხადა სააკაშვილმა რუსთავი2-ს.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ იქმნება “ახალი ერთობა, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”.

უგულავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძის მხარდაჭერა. “ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში”, განაცხადა მან.

სააკაშვილი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში შეხვდა უგულავას ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე. სწორედ ამ პარტიის შუამდგომლობით გააფორმეს ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი, რომელიც მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატების მხარდაჭერას ავალდებულებდათ.

“ევროპული საქართველო” 2017 წლის იანვარში გამოეყო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.




წყარო:ნეტგაზეთი
Print