სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ატოცში და ინციდენტი
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ. საოკუპაციო ზღვართ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს .

ატოცში ზურაბიშვილმა ოკუპაციის პრობლემის მნიშვნელობის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეების მშვიდობიანი და ღირსეული ყოფა უნდა უზრუნველყოს:

“ეს არის ის, რასაც არ შეიძლება, რომ შევეგუოთ, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილია დღეს. ეს არის ის, რაზეც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, პირველ რიგში, რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელიც აქ ცხოვრობს და არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს და იმუშაოს.

პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე, როგორც ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, ამ ადამიანების ყოველდღურ ბედზე უნდა ზრუნავდეს. ეს არის უსაფრთხოება პირველ რიგში და მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, და ხელი უნდა შევუწყოთ როგორც მაღალმთიან რეგიონებს, ასევე, საზღვრისპირა სოფლებს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატს საოკუპაციო ხაზთან “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი ლანა ღვინჯილია დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ღვინჯილია სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.

მან ზურაბიშვილს ჰკითხა “რა ნამუსით ჩავიდა” პრეზიდენტობის კანდიდატი ატოცში მის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ:

“რა ნამუსით ხართ ჩამოსული, რა მაღალმთიანი რეგიონები, ჯერ თქვით, ომი ვინ დაიწყო და ვისი ბრალია ომის დაწყება”, – ჰკითხა ზურაბიშვილს ღვინჯილიამ. ზურაბიშვილმა კი უპასუხა, რომ აქ არის ჩამოსული, როგორც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი.

კითხვაზე, თუ რას გააკეთებს ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მუშაობა ქვეყნის პარტნიორებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

“მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთოება და იმავე დროს ეს არ გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული დასაბალანსებლად”, – თქვა ზურაბიშვილმა.


წყარო: ნეტგაზეთი
Print