TI: ქვემო ქართლის გუბერნატორს დეკლარაციაში კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელობა მითითებული არ აქვს
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაცია არასრულად ან შეცდომით აქვთ შევსებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ (TI)“ თანამდებობის პირთა 20 ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 და კუთვნილი წილების სხვა პირზე მინდობილობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოვლინდა.

შოთა რეხვიაშვილს 2018 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშული, რომ შპს „აგროგორის” 50%-იანი წილის მფლობელია, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითებასთან ერთად, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.

რადიო „მარნეული“

Print