მძღოლებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ავტოტრანსპორტისა და მოტოციკლების მძღოლებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს . შესაბამისი კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროს სსიპ-მა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა.

განმარტებით ბართაში წერია, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. კანონპროექტი ქმნის ერთგვარ გარანტიას, რომ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების დროს მიღებული ზიანი აუცილებლად ანაზღაურდება.

კანონპროექტის მიხედვით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იქნება ფინანსურ გარანტია, ერთი მხრივ, მძღოლისათვის, მეორე მხრივ კი, დაზარალებულისათვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის დროს.

“ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით მზღვეველი იღებს ვალდებულებას, რომ აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომლის გადახდა ეკისრება მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე,”-წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილება შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

კანონპროექტი ადგენს დაზღვევის წლიურ მინიმალურ გადასახადს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით:

მოტოციკლისათვის – 75.00 – 110.00 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისათვის – 00.00 – 150.00 ლარი;
ავტობუსისათვის 160.00 – 240.00 ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის – 210.00 – 310.00 ლარი;
მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი
კანონპროექტის თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურებისთვის ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარია. გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანხა 30 000 ლარამდე იზრდება.

ამასთან, იმ დაზარალებულებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზარალის ანაზღაურება ამ სადაზღვევო სისტემით მოხდება.

კანონპროექტში წერია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები დაზღვევისთვის საჭირო თანხას სპეციალურად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სავალდებულო დაზღვევის ბიუროში გადაიხდიან. კანონპროექტს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითი გავლენა ექნება, რადგან ბიუჯეტის სასარგებლოდ გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები, სავალდებულო დაზღვევაში მონაწილე მზღვეველების მიერ. ამასთან, დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან, რაც ასევე აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

კანონპროექტს გავლენა ექნება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც. თუ ცვლილებები დამტკიცდა, ბიუჯეტიდან ხარჯები გამოეყოფა იმ დაწესებულებებს, რომლებიც ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და რომელთაც ევალებათ დაზღვევის შეძენა ამ კანონის ფარგლებში. თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ცვლილება 2019 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.




წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
თეგები: მანქანა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები