მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრი გაიხსნა
დღეს, 3 აპრილს, მარნეულში საქართველოს
აზერბაიჯანელთა
საინტეგრაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ხუთმა
ახალგახრდამ გახსნა, რომლებიც ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტში
გარდაბანში, მარნეულში, რუსთავში, დმანისსა და ბოლნისში
ცხოვრობენ.
ცენტრის გახსნის მიზანი საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციისათვის
ხელის შეწყობაა. ცენტრში ახალგაზრდებს 9 სახეობის კურსის
აზერბაიჯანული ენის, ქართული ენის, ინგლისური ენის, საქართველოს,
აზერბაიჯანისა და მსოფლიო ისტორიის, ტანვარჯიშისა და ძიუდოს კურსების
გავლა შეეძლებათ.
ცენტრის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის
დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი,
თურქეთის ელჩი საქართველოში ფაქტმა სერენ იაზგანი, ქვემო ქართლის
გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, იმედს
იტოვებს, რომ ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების მთავარ
ამოცანას, რასაც ინტეგრაცია და თანასწორობა წარმოადგენს.
„ჩვენს ქვეყანაში თითოეული მოქალაქე განურჩევლად ეთნიკური
თუ რელიგიური კუთვნილებისა არის თანასწორი, და გავაკეთებთ ყველაფერს
იმისთვის, რომ თითოეული იყოს მაქსიმალურად ჩართული ქვეყნის ცხოვრების
ყველა სფეროში“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის
თავმჯდომარე ფუად მურადოვმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის
საქართველოს აზერბაიჯანელებს არ მიიჩნევს, როგორც აზერბაიჯანის
დიასპორას.
„საქართველოს აზერბაიჯანელებს, ჩვენს თანამემამულეებს მე
დიასპორად ვერ მოვიხსენიებ, რადგან თქვენ მთელი ისტორიის მანძილზე,
ასწლეულების მანძილზე აქ ცხოვრობდით და ქართველებთან ერთად ქმნიდით
ისტორიას, ქმნიდით საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ამის გამო მე აქ
მცხოვრებ აზერბაიჯანელებს დიასპორად ვერ მოვიხსენიებ.“
- თქვა ფუად მურადოვმა
მურადოვმა ასევე აღნიშნა, რომ ის ცენტრის წარმატებულ მომავალში
დარწმუნებულია და საქრთველოს აზერბაიჯანელებს მოუწოდა, რომ იყვნენ იმ
ქვეყნის ცხოვრებაში ჩართულნი, სადაც ისინი ცხოვრობენ.