ზუგდიდში დაკავებულ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ აქტივისტს ბრალი წაეყენა, მეორე-გათავისუფლდა
,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება ანა წითლიძეს, მან პოლიციის შენობა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

უწყების ცნობითვე, ერთ-ერთი მათგანი, ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამეგრელოში, ზუგდიდის სოფელ ნარაზენში პოლიციამ ენმ-ის სამი წევრი დააკავა. ენმ-ის ცნობით, პატარაიას გარდა დაკავებულები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე და ენმ-ის აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.
Print