სადაა მარნეულის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები?
მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის წინასაარჩევნო პერიოდი ზუსტად 2 კვირის წინ, ოფიციალურად, გაიხსნა. მერობის 4 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია, მაგრამ მარნეულელებისათვის ჯერჯერობით უცნობია მათი პროგრამა.

რადიო „მარნეული“ მერობის ოთხივე კანდიდატს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, თუ რაა მათი მთავარი ხედვები, რას აპირებენ მერად გახდომის შემთხვევაში და რა გამოწვევებს ხედავენ მუნიციპალიტეტში.

„ქათული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მათი პროგრამა საკმაოდ დიდია. მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე კი ვრცლად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც მის კანიდატურას ოფიციალურად წარადგენენ.

წინასაარჩევნო პროგრამა ჯერჯერობით მზად არ აქვთ დამოუკიდებელ კანდიდატ ალი ბადიროვსა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატ აგილ მუსტაფაევს.

ალი ბადიროვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ პროგრამაზე მუშაობა კანიდატურის დასარეგისტრირებლად ხელმოწერების შეგროვების გამო დააგვიანდა და დოკუმენტი მზად მომდევნო კვირას ექნება. სავარაუდოდ მაშინ, როდესაც მარნეულის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართება.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა გვითხრა, რომ პროგრამაზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და დაგვპირდა, რომ დოკუმენტს დღის ბოლომდე გადმოგვიგზავნის.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატ ახმედ იმამკულიევს, მან გვითხრა, რომ პროგრამის ბეჭდური ვერსია ფლაერებისა და ბროშურების დამზადების შემდგომ გახდება ცნობილი.  ამბობს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლებში სპორტული ცხოვრების წესის განვითარება იქნება, რისთვისაც ყველა სოფელში სპორტულ დარბაზებსა და საფეხბურთო მოედნებს მოაწყობენ. მის გეგმებში შედის ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის, პენსიონერებისთვისა და სოციალურად დაუცველი პირებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, სტუდენტებისათვის მერიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მერიის სამსახურებში ახალი კადრების აყვანის პროცესის გამჭვირვალობა, სოფლებსა და თემებში საბავშვო ბაღების აშენება ან/და გარემონტება და სოფლებში სასმელი წყლისა და გზის პრობლემის მოგვარება.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები