ყველა, ვინც იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, პასუხს აგებს – გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, რომ ყველა, ვინც დღეს შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. გახარიას თქმით, ხეობას დატოვებენ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, თუმცა ადგილზე დარჩება „გაძლიერებული პოლიცია“ წერს რეგინფო

„ჩვენი შეთანხმება არის მარტივი და ამავდროულად, რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონთან შესაბამისობაში აგებს პასუხს. ეს ერთი. მეორე – ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ არ მიაღწევენ მხარდაჭერის კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი რომელზეც აქტიურად დაიწყებენ მუშაობას. შსს-ს პეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პანკისში ჩასვლის შემდეგ უხუცესებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვოლი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი ქეთევან ციხელაშვილი.
Print ელ. ფოსტა
თეგები: პანკისი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები