2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია
2019
წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა
3 723 ათას კაცს შეადგენს, რითაც აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან
შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს
დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი
მიგრაციული სალდო (-10 783).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის
1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი
ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა
მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ შემადგენლობას, 2019
წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ
მოსახლეობაში 20.3 პროცენტს შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი
მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65
წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8 პროცენტს
წარმოადგენდა.
რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების მიხედვით, 2019 წლის
1-ელი იანვრის მდგომარეობით, თბილისში 1 171 ათასი კაცი ცხოვრობს,
აჭარაში - 349 ათასი, გურიაში - 109 ათასი, იმერეთში - 497 ათასი,
კახეთში - 312 ათასი, მცხეთა-მთიანეთში - 93 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და
ქვემო სვანეთში - 29 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 316 ათასი,
სამცხე-ჯავახეთში - 154 ათასი, ქვემო ქართლში - 433 ათასი და შიდა
ქართლში - 257 ათასი.