„ზოგიერთი ყოფილი თუ ახლანდელი პოლიტიკოსი ძალით ძაბავს სიტუაციას“ - სავალან მირზოევი დავით გარეჯის ინციდენტის შესახებ
დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შემდგომ, სოციალურ ქსელში საქართველს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი გამოეხმაურა.

გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა 30 აპრილს, პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დავით გარეჯში არსებული პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდა, მაგრამ გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა აღნიშნული ფაქტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დაძაბვისათვის გამოიყენეს.

„ზოგიერთი ყოფილი თუ ახლანდელი პოლიტიკოსის განცხადებები არის სრულიად უპასუხისმგებლო და ამ განცხადებებით ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას. ამავდროულად, მათი გამონათქვამები არ არის თავსებადი და არ მოდის შესაბამისობაში იმ რეალობასთან რაც ხდება სინამდვილეში. არის ზოგიერთი განცხადებები, რომელიც ქმნის იმის წინაპირობას, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია. ასეთ თემებზე გაკეთებული ნებისმიერი კომენტარი თუ განცხადება, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავს და მხოლოდ სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.“ - განაცხადა სავალან მირზოევმა

მირზოევმა გამოსვლის ბოლოს პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიისათვის ცნობილი, 25 აპრილს, მას შემდეგ გახდა, როდესაც მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნუსს“ უთხრა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ ჰქონდათ. აღნიშნულ ფაქტს მალევე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო 26 აპრილს მათ განაცხადეს, რომ დავით გარეჯის მონასტერში ქართველი მომლოცველებისათვის გადაადგილება შეზღუდული აღარ იყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა განცხადებები გააკეთეს, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საგნად და დისკრიმინაციულად მოიხსენიებდნენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები