რას გულისხმობს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი
დღეს, 3 მაისს, საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ გენდერული საბჭოს კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება შედის ოთხს კანონში - შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. როგორც ჩვენთან საუბარში სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი ამბობს, აქამდე ქვემო ქართლის მასშტაბით სექსუალურ შევიწროებაზე მიმართვიანობა ჰქონდათ, თუმცა ფიქრობს, რომ ახალა მეტად გაიზრდება რიცხვი და ინფორმირებულობის დონეც ამაღლდება.

„ზოგადად, ქვემო ქართლის რეგიონში ძალიან მწვავედ დგას გენდერული თანასწორობის საკითხები. მათ შორის არის -  ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება, ქალთა შრომითი უფლებები, ასევე ფიქსირდება სექსუალური შევიწროების შემთხვევები და კონსულტაციებს ვუწევთ მოქალაქეებს. ვთვლით, რომ საკანონმდებლო ინიციატივების რეგულირების ფონზე მომართვიანობა მოიმატებს. ჩვენ საინფორმაციო შეხვედრებსაც ხშირად ვმართავთ და ინფორმაციას ვაწვდით მოსახლეობას.“ - ამბობს მარიამ გვიდიანი




მარიამ გვიდიანის თქმით, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაზარალებულს ექნება ორი მექანიზმი, მიმართოს სახალხო დამცველს, ან სასამართლოს. სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს და თავისი მანდატის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მიმართ გამოსცემს რეკომენდაციებს. კანონის მიხედვით, იზრდება სახალხო დამცველის მანდატი და ომბუდსმენი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება თუ ორგანიზაციამ არ გაიზიარა ან არ უპასუხა მის რეკომენდაციას.

„სექსუალური შევიწროება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ანუ, ქმედება უნდა იყოს სექსუალური ხასიათის, უნდა იყოს არასასურველი და განმეორებადი ხასიათის. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს შეურაცხმყოფელი კომენტარებით, სექსუალური ხასიათის მიმოწერებით, უხამსი წინადადებებით, ასევე არასასურველი შეხებით. ჩვენ კვლევების მიხედვით ვიცით, რომ სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად ფიქსირდება საჯარო სივრცეში და შრომით ურთიერთობებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა აღარ იყოს ასეთი დაფარული და ამისათვის ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ.“ - თქვა მარიამ გვიდიანმა.


გვიდიანის თქმით,სახალხო დამცველს ასევე შეეძლება საკუთარ ანგარიშებში მიუთითოს დამრღვევი, ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია.

კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი იქნება. სექსუალური შევიწროების კონტროლი საჯარო სივრცეში პატრულს დაექვემდებარება და დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ამგვარ ქმედებას პირველი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახლა ჩაიდენს, მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.

უფრო მკაცრია კანონი არასრულწლოვნის, ორსულისა და შშმ პირის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ასეთ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 800 ლარია, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1000 ლარი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები