2018 წელს 2017 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა, თუმცა მოიმატა დაშავებულთა რიცხვმა
2018 წელს 2017 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა, მაგრამ 6%-ით იმატა ავტოავარიების რაოდენობამ და 7%-ით დაშავებულთა რიცხვმა.

აღნიშნულის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით გამართულ გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

უწყებების მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 500-მდე ადამიანი იღუპება და 9000-ზე მეტი ზიანდება. ხოლო საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი გაცილებით აღემატება ევროპის რიგი ქვეყნების მონაცემებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 9 047 დაშავდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილია: საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულები 7%-ით, დაღუპულები 4%-ით.

რაც შეეხება მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, წარმოდგენილი მონაცემებით, ყოველწლიურად 1.35 მილიონი ადამიანი იღუპება და 50 მილიონზე მეტი ზიანდება და შრომისუუნარო ხდება. საგზაო შემთხვევებით განპირობებული ლეტალობა 5–29 წლის ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობის წამყვანი და გლობალურ სიკვდილიანობაში მერვე ძირითადი მიზეზია.

გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის სლოგანია - „ხმა აიმაღლე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, ხოლო თემა - „ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ - გულისხმობს საჯარო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორების ლიდერობითა და გაერთიანებული ძალისხმევით ქვეყანაში გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ღონისძიებაზე განხილულ იქნება: უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი და ადამიანის უსაფრთხო/კანონმორჩილი ქცევა, სამედიცინო დახმარება, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მიმდინარე და სამომავლო გეგმები, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა და შედეგის მისაღებად რა მხარდაჭერა/რესურსია საჭირო.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები