დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი - ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერი, რომელიც 2007 წლიდან დაკეტილი იყო
აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების კონტინგენტი 6 კაცამდე შეამცირა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მონასტრის ტერიტორიაზე სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა პრობლემა ისევ არსებობს და მისი მოგვარება აუცილებელია.

„აზერბაიჯანული მხარის კონტიგენტი 6 კაცამდე შემცირდა. ჩვენი მხრიდან 6-8 მესაზღვრე სულ არის. ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, პრობლემა მოუგვარებელია და ის გადაწყვეტას მოითხოვს. ეს უნდა მოგვარდეს სახელმწიფოებრივ დონეზე კომისიათა შორის მუშაობაში. ჩვენ, საზოგადოებაც ფხიზლად უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

არქიმანდრიტის ინფორმაციით, მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაბრკოლება არც ქართველებს და არც უცხოელებს არ ექმნებათ. არქიმანდრიტი იმასაც აღნიშნავს, რომ მომლოცველებისთვის შესვლა თავისუფალია ჩიჩხიტურის მონასტერშიც, რომელიც, მისი თქმით, 2007 წელს დაიკეტა.

„გადაადგილება თავისუფალია. ამ ეტაპზე გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერი, რომელიც 2007 წელს დაიკეტა. ყველას შეუძლია ავიდეს და ეს მონასტერი დაათვალიეროს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print