მარნეულის მერობის ოთხი ყველაზე აქტიური კანდიდატი
მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მათგან ოთხი ძირითადი გამოიკვეთა. სამ პარტიულ და ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, მათი აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის გამო, მოსახლეობა ყველაზე კარგად იცნობს. მერობისთვის „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევი, „ეთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ აგილ მუსტაფაევი, „ქართული ოცნებიდან“ ზაურ დარგალი და დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალგაზრდა იურისტი ალი ბადიროვი იბრძოლებენ. საარჩევნო პროგრამაც მხოლოდ ამ ოთხ კანდიდატს აქვს.

არჩევნების ყველაზე გამოცდილი მონაწილე 38 წლის ახმედ იმამკულიევია. პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი მერის თანამდებობის დაკავებისათვის უკვე მესამედ იბრძვის. პირველი ორი მცდელობა, 2014 და 2017 წლებში, წარუმატებლად დასრულდა.

იმამკულიევის პოლიტიკური კარიერა 2014 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის კანდიდატი გახდა. 2017 წელს იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა და დღემდე მარნეულის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

2014 წლამდე იმამკულიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა. 2002-2004 წლებში იყო მარნეულის რაიონული გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ხოლო 2010-2011 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში. იმამკულიევის მიერ 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის მხოლოდ მიწის ნაკვეთს ფლობს მარნეულში.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მარნეულელებს მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ლოზუნგით - „ჩვენი არჩევანი ჩვენი მომავალია“. მისი წინასაარჩევნო დაპირებები ძირითადად სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას შეეხება. იმამკულიევის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, მარნეულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული დარბაზი და საფეხბურთო მოედანი შენდება, მოაგვარდება სასმელი წყლის პრობლემა და მოხდება სოფლებში არსებული პარკებისა და კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია/განახლება. მუნიციპალიტეტში ის საბავშვო ბაღებისა და სკოლების გარემონტებას, ასევე ახალი სასწავლო დაწესებულებების აშენებას აპირებს. სოციალურად დაუცველ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პენსიონერებს ის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას პირდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იმამყულიევი ასევე სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებას პირდება. მერობის კანდიდატი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლაში დაეხმარება.

უკვე მეორედ მონაწილეობს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი 27 წლის აგილ მუსტაფაევი. ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოში ადგილის დასაკავებლად იბრძოდა. აგილ მუსტაფაევი იმავრ წელს გაწევრიანდა პარტიაში და მაშინვე აღმოჩნდა პარტიულ სიაში, თუმცა საკრებულოს წევრი ვერ გახდა. ამჟამად აგილ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მუსტაფაევი ასევე ა(ა)იპ „პოლიტიკური კლუბი - აზად ზონას” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მის სახელზე რაიმე სახის კომპანია ან ქონება არ ირიცხება.

აგილ მუსტაფაევის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ქალაქ მარნეულს სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება, შიდა გზებზე დაიგება ასფალტი, შეუფერხებლად იმუშავებს დასუფთავების სამსახური, მეტად კომფორტული გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თანამედროვე სპორტული მოედნები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის პროგრამის ნაწილიცაა. ის ახალგაზრდებს მათი ინიციატივების ხელშემწყობის ფონდის შექმნას ჰპირდება.

მუსტაფაევის პროგრამა ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოიცავს, რომლის მიხედვითაც "ძალა ერთობაშიას" კანდიდატი სოფლებში ძირითადად ნარჩენების, სასმელი და სარწყავი წყლის, გზების, ბაგა ბაღებისა და გარე განათების პრობლემის მოგვარების პირობას დებს.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალისთვის ეს პირველი არჩევნებია. ინგლისური ენის სპეციალისტმა პოლიტიკური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო, როცა „ქართული ოცნები“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახდა. იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ქვემო ქართლის წარმომადგენელი. 2017 წლიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა, რომელიც მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.

„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე დარგალი, 2011-2013 წლებში, მუშაობდა მარნეულის დემოკრატიური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ, 2008-2011 წლებში იყო მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი, 2010-2011 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ბანაკის მენტორი და ტრენერი, ხოლო 2007-2010 წლებში ამავე ბანაკის წევრი.

მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes-Benz GL 450, რომელიც 2017 წელს 60 000 ლარად შეიძინა. მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული მეუღლის, რენა ნურმამედოვას საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (625 კვ.მ.) მარნეულში. 30 წლის ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს დარგალი მართავდა ლოზუნგით, - „მე მჯერა თქვენი მხარდაჭერის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“.

ზაურ დარგალის გეგმებში შედის მარნეულის მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც არაქართულენოვან მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან წვდომასა და მერიის საქმიანობაში ჩართვაში დაეხმარება. სახელისუფლებო კანდიდატის დაპირებებში შედის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშო ბაღებისა და სპორტული მოედნების შენებლობა, სოფლებში შიდა გზების, გარე განათებისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. მერად გახდომის შემთხვევაში ის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადებასაც გვპირდება.

მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი პოლიტიკურად აქტიური რიგგარეშე არჩევნების დროს გახდა. პროფესიით იურისტი არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი.

ალი ბადიროვი 2015-2016 წლებში მუშაობდა მარნეულის მერიის ზედამხდველობის სამსახურში ამჟამად კი „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეა და საადვოკატო საქმიანობას ეწევა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ალი ბადიროვის საკუთრებაშია ბინა ქალაქ თბილიში.

წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ბადიროვი მარნეულელებს პირდება, რომ ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სპორტულ დარბაზებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, მოაგვარებს გარე განათების, გზებისა და სასმელი წყლის პრობლემას. შექმნის ახალ სკვერებს და ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემას. მარნეულს ნარჩენებისაგან გათავისუფლებაც მისი პროგრამის ნაწილია.

ალი ბადიროვი პირობას დებს, რომ აუცილებლად ეყოლება ქალი მოადგილე. ის თანამშრომლების აყვანას სამართლიანი და გამჭვირვალე ატესტაცია/კონკურსის საფუძველზე აპირებს. ცალკეულ თანამდებობებზე/პოზიციებზე დანიშვნის დროს უპირატესობას მიანიჭებს ორივე ენის (ქართული და აზერბაიჯანული ენების) სრულყოფილად მცოდნე კონკურსანტებს. მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, ბადიროვის გეგმებში შედის ყოველკვირეული ფეისბუქ ლაივების გაშვება და კვარტალში ერთხელ კონფერენციის გამართვა, სადაც მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს განიხილავენ.

იმამკულიევის, მუსტაფაევის, დარგალისა და ბადიროვის გარდა, მარნეულის მერობის კიდევ 11 კანდიდატია დარეგისტრირებული, მაგრამ მარნეულელთა უმრავლესობა მათ არც სახელითა და გვარით და არც სახეზე იცნობს. 11 კანდიდატიდან არც ერთს არ წარუდგენია წინასაარჩევნო პროგრამა და არ ჩაუტარებია შეხვედრები მოსახლეობასთან.
19 მაისს არჩეული მერი მარნეულის მუნიციპალიტეტს ორწელიწადნახევრის განმავლობაში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები