სახელისუფლებო კანდიდატი არჩევანის გასაკეთებლად ოჯახთან ერთად მივიდა
„მე პრინციპული არჩევანი გავაკეთე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის N85 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ. დარგალი არჩევანის გასაკეთებლად ოჯახთან ერთად მივიდა.

„მე არჩევანი გავაკეთე მარნეულის მომავლისთვის, მარნეულის განვითარებისთვის. ჩვენი შვილების, ახალგაზრდების მომავლისთვის. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, - თქვა მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა. ზაურ დარგამა აღნიშნა, რომ არჩევნებში საკუთარი მხარდამჭერების მეშვეობით აუცილებლად გაიმარჯვებს.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალისთვის ეს პირველი არჩევნებია. ინგლისური ენის სპეციალისტმა პოლიტიკური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო, როცა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახდა. იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ქვემო ქართლის წარმომადგენელი. 2017 წლიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა, რომელიც მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე დარგალი, 2011-2013 წლებში, მუშაობდა მარნეულის დემოკრატიური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ, 2008-2011 წლებში იყო მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი, 2010-2011 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ბანაკის მენტორი და ტრენერი, ხოლო 2007-2010 წლებში ამავე ბანაკის წევრი.

მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes-Benz GL 450, რომელიც 2017 წელს 60 000 ლარად შეიძინა. მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული მეუღლის, რენა ნურმამედოვას საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (625 კვ.მ.) მარნეულში. 30 წლის ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს დარგალი მართავდა ლოზუნგით, - „მე მჯერა თქვენი მხარდაჭერის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“.

ზაურ დარგალის გეგმებში შედის მარნეულის მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც არაქართულენოვან მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან წვდომასა და მერიის საქმიანობაში ჩართვაში დაეხმარება. სახელისუფლებო კანდიდატის დაპირებებში შედის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშო ბაღებისა და სპორტული მოედნების შენებლობა, სოფლებში შიდა გზების, გარე განათებისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. მერად გახდომის შემთხვევაში ის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადებასაც გვპირდება.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებული პოსტს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიკავებს.

Print