მარნეულში ენმ-ის მერობის კანდიდატმა არჩევანი ყველაზე ბოლომ გააკეთა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მარნეულის მერობის კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა არჩევანი სოფელ აზიზკენდში #14 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ის ხმის მისაცემად მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდა.
მე ხმა მივეცი არა კორუფციას, არა კრიმინალს, არა ნეპოტიზმს. მარნეულს სჭირდება ახალი განვითარება, მარნეულს სჭირდება ახალი სუნთქვა. მარნეული მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ძლიერი ქალაქი იქნება", - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს სჯერა, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რადგან ხალხი მხარს უჭერს.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან მათ აქტივისტებზე ზეწოლა და მუქარა ხორციელდება, რაც დღესაც გრძელდება.

27 წლის აგილ მუსტაფაევი არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოში ადგილის დასაკავებლად იბრძოდა. აგილ მუსტაფაევი იმავე წელს გაწევრიანდა პარტიაში და მაშინვე აღმოჩნდა პარტიულ სიაში, თუმცა საკრებულოს წევრი ვერ გახდა. ამჟამად აგილ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მუსტაფაევი ასევე ა(ა)იპ „პოლიტიკური კლუბი - აზად ზონას” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მის სახელზე რაიმე სახის კომპანია ან ქონება არ ირიცხება.


აგილ მუსტაფაევის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ქალაქ მარნეულს სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება, შიდა გზებზე დაიგება ასფალტი, შეუფერხებლად იმუშავებს დასუფთავების სამსახური, მეტად კომფორტული გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თანამედროვე სპორტული მოედნები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის პროგრამის ნაწილიცაა. ის ახალგაზრდებს მათი ინიციატივების ხელშემწყობის ფონდის შექმნას ჰპირდება.

მუსტაფაევის პროგრამა ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოიცავს, რომლის მიხედვითაც "ძალა ერთობაშიას" კანდიდატი სოფლებში ძირითადად ნარჩენების, სასმელი და სარწყავი წყლის, გზების, ბაგა ბაღებისა და გარე განათების პრობლემის მოგვარების პირობას დებს.


მარნეულის მერის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული პოსტს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიკავებს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები