ოჯახის წევრების განცხადებით, აზერბაიჯანელი აქტივისტი საქართველოში დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს
სავარაუდოდ, საქართველომ პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტის აზერბაიჯანში ექსტრადირება მოახდინა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უფლებადამცველმა ლეილა მამედოვამ თქვა, აზერბაიჯანის მავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ავთანდილ მამედოვი დღეს პოლიციამ საკუთარ სახლთან, ექსტრადირების მიზნით, დააკავა.

„მე დამიკავშირდნენ ავთანდილ მამედოვის ნათესავები და მითხრეს, რომ ახლახანს ის პოლიციამ წაიყვანა. მას სთხოვეს, რომ სახლის წინ ჩასულიყო შესახვედრად, ის ჩავიდა დაბლა და რამდენიმე წუთის შემდეგ დაურეკა ნათესავებს და უთხრა, რომ ის დააკავეს და აზერბაიჯანს უნდა გადასცენ.“ - მამედოვამ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 14:00 საათზე მას შეატყობინეს, რომ აქტივისტი უკვე აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

„ის დაახლოებით საათ ნახევრის წინ წაიყვანეს და ხუთი წუთის წინ მე კვლავ დამირეკეს მისმა ნათესავებმა და მითხრეს, რომ ისინი უკავშირდებოდნენ ავთანდილის დედას, რომელიც აზერბაიჯანში ცხოვრობს, და მისი ინფორმაციით ავთანდილი უკვე აზერბაიჯანშია გადაყვანილი, მაგრამ არ ვიცი თუ რამდენად მართებულია ეს ინფორმაცია“ -გვითხრა ლეილა მამედოვამ

მამედოვა განმარტავს, რომ აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოში უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფება. მან საქართველოს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისათვისაც მიმართა, რასთან დაკავშირებითაც მორიგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს უნდა გამართულიყო.

ლეილა მამედოვას ინფორმაციით, ავთანდილ მამედოვს რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მან საქართველოს პოლიციას მიმართა, მაგრამ სანამ თვალთვალის უშუალო მტკიცებულება თავად ავთანდილმა არ წარადგინა, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

რადიო „მარნეული“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები