მარნეულელი ახალგაზრდების მთავარ პრობლემას საჯარო ტრანსპორტი წარმოადგენს
დღეს, 12 ნოემბერს , სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის და რადიო „მარნეულის“ ერთობლივი პროექტის, „ეთნიკური უმცირესობების ეფექტური ჩართულობა გამჭვირვალე ბიუჯეთისთვის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის, „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები“-ის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ჩვენთან საუბრისას სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რაშან ზიადალიევმა თქვა, კვლევის შედეგად ძირითადად ოთხი სახის საჭიროება გამოვლინდა.

„პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ ძირითადად არის ტრანსპორტის მხრივ, სივრცეების მხრის, ამ შემთხვევაში სივრცეების პრობლემა მეტად სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აწუხებთ, რადგან სოფლებში არაა ისეთი ადგილი სადაც ახალგაზრდები სკოლის შემდგომ შეძლებენ მისვლას და განვითარებას. მესამე პრობლემა, რაც კვლევის შედეგად დადგინდა, შეეხება გარემოს დაბინძურების პრობლემას. ესაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდებისა და მთელი მარნეულისათვის. ასევე, მეოთხე პრობლემად ახალგაზრდებმა დაასახელეს, რომ არ აქვთ საკმარისი კომუნიკაცია მარნეულის მერიასთან და თვლიან, რომ მათი მოსაზრება, მათი მიმართვა, განცხადების შეტანა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით შედეგს არ გამოიღებს“ - ამბობს რაშან ზიადალიევი

კვლევის პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მარნეულის მერთან, ზაურ დარგალთან, გაგრძელდა. დისკუსიის ძირითად თემას მარნეულელი ახალგაზრდების საჭიროებები და მარნეულის თვითმმართველობის 2020 წლისათვის დაგეგმილ პროექტებზე ახალგაზრდული მიმართულება წარმოადგენდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები