მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მარნეულში ხელმოწერებს აგროვებს
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით მარნეულში ხელმოწერებს აგროვებენ.

დღეს, 13 ნოემბერს, მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მახლხაზ მაჩალიკაშვილი და მისი მოკავშირეები ხელმოწერებს აგროვებენ. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უკვე ორჯერ გადადო.

„იმისთვის, რომ თემირლანის მკვლელობის საქმე არ გაირკვას კომისიის შექმნა უკვე ორჯერ ჩააგდეს. იციან, რომ ეს საქმე მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შეაჩერონ კომისიის შექმნა და ხელმოწერების შეგროვება“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი ასევე განმარტავს, რომ ის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის ბოლომდე იბრძოლებს.

ხელმოწერების შეგროვება მაჩალიკაშვილების ოჯახმა დასავლეთ საქართველოდან დაიწყო. როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა ამბობს, ამ დროსათვის 42 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული, საერთო ჯამში კი 100 000-მდე ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

„ვინც კი მონაწილეობდა თემირლანის მკვლელობაში ყველა ის პიროვნება დაისჯება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არ უკავშირდება მხოლოდ თემირლანის მკვლელობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთელ საქართველოში ახალგაზრდობამ იგრძნოს თავი დაცულად და კარგად რათა ასეთი რამ არ განმეორდეს, რაც მაჩალიკაშვილების ოჯახში მოხდა“ - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დამნაშავეების დასჯის იმედი არ აქვს, მაგრამ განმარტავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში მისთვის 10 ადამიანის დაკითხვა იქნება საკმარისი რისი მეშვეობითაც თემირლანის მკვლელობის საქმეში ბევრ გარემოებას აეხდება ფარდა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოერაციისას დაჭრეს. 19 წლის ბიჭი 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები