მარნეულის მერი საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა
საჯარო სამსახურის ბიურომ მარნეულის მერი ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმა. 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მერს ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევა დაუდგინდა საბანკო ანგარიშების ნაწილში, ნაშთში ცდომილებაში, შემოსავლების ნაწილში და შემოსავლების ცდომილებაში.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, მარნეულის მერი საკუთარი თანამდებობრივი სარგოს 20%-ით დაჯარიმდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 18 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, თანამდებობრივი სარგო 4 100 ლარით არის განსაზღვრული.

საჯარო სამსახურის ბიურომ ასევე გადაამოწმა მარენულის მერის მოადგილის ლაშა ლობჯანიძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელშიც დარღვევები არ გამოვლინდა.

2019 წლის განმავლობაში ბიურომ სულ 596 დეკლარაცია შეამოწმა. აქედან დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია, დაჯარიმდა 254, გაფრთხილდა 75 და მონიტორინგი შეწყდა 27 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები