2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტია „ევროპული საქართველოს“,
მარნულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის ახმედ იმამკულიევის
განცხადებით, ცუდად მიიღო ფაქტი,
რომ 11 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული
ორგანიზაციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ
აქციას არ შეუერთდნენ.
„მე არ მოველოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ
იქნებოდა, პირიქით ვფიქრობდი, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და
კანდიდატიც იქ იქნებოდა, რადგან არა მარტო მე და სხვა კანდიდატებს,
არამედ მთელს ოპოზიციას მოპარეს არჩევნები. მე ცუდად მივიღე ეს ფაქტი,
როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა
ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ იღებს მონაწილეობას იმ აქციაში, სადაც
ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს“ - განაცხადა
ახმედ იმამკულიევმა
ახმედ იმამკულიევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატ აზერ სულეიმანოვს კითხვით
მიმართა. იმამკულიევს აინტერესებს, თუ რატომ არ მიიღო სულეიმანოვმა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაში
მონაწილეობა.
„აქ ორი ვარიანტია, ან არიან შეკრულები და
მოლაპარაკებულები „ქართულ ოცნებასთან“ ან არ ვიცი, თვითონ უნდა გასცეს
პასუხი თუ რატომ არ იყვნენ“ - თქვა ახმედ
იმამკულიევმა
რადიო „მარნეული“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის და
გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატს აზერ სულეიმანოვს დაუკავშირდა. ჩვენთან
საუბრისას სულეიმანოვმა თქვა, რომ იმამკულიევისათვის პასუხის გაცემას
არ აპირებს.
„არ მინდა რომ 3%-იან პარტიებს გავცე პასუხი. იმამკულიევი
„ბლატაობს“ და ჩემთვის იაფასიანი ადამიანია“ -
განაცხადა აზერ სულეიმანოვმა
11 ნოემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპროტესტო აქციის
ფონზე მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმის მიღების სხდომა. სხდომის
მიმდინარეობისას საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ევროპული
საქართველოს“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერები
იყვნენ შეკრებილი. ისინი მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის ანი ილურიძისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვდნენ.
შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა პარტია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს წევრებმა“. ილია ყაჯრიშვილმა და
ლაშა ქველაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა პირველივე
სესიაზე.
რადიო „მარნეული“