ზოგმა უცხოელმა იკადრა, თქვენთან 30 წელია ყალბდება არჩევნებიაო, მე კრეტინი ვიყავი, რომ გადავეცი ძალაუფლება?! — სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, "ზოგიერთმა უცხოელმა ისიც იკადრა, თქვენთან ხომ 30 წელია ყალბდება არჩევნებიაო". სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ასე ეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც, აღნიშნეს, რომ ეუთომ დარღვევებს შორის დააფიქსირა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლის დაშინება, "რაც, სამწუხაროდ, აწუხებს საქართველოს არჩევნებს 30 წლის განმავლობაში".

"ზოგიერთმა უცხოელმა ისიც იკადრა, თქვენთან ხომ 30 წელია ყალბდება არჩევნებიაო. კი მაგრამ, 30 წელი რას ნიშნავს, აბა მე ვინ ვარ აქ, ვზივარ და სრული კრეტინი ვიყავი, რომ გადავეცი ძალაუფლება?! ამიტომ უნდა ვუმეოროთ უცხოელებსაც, რომ ასეთი შეურაცხყოფა არ მოგვაყენონ. ქართველი ერი არ არის ჩამორჩენილი ერი, რომელსაც უნდა უთხრა, "ჩვენთან არ მოსულა, მაგრამ თქვენთან მოსულა, თქვენ ხომ ველურები ხართ, თქვენ ხომ ტყეში ცხოვრობთ და თქვენთან ტომის ბელადი ყოველთვის ამას აკეთებდა". ეს არ უნდა შევარჩინოთ არც შიდას და არც უცხოელს არავითარ შეთხვევაში, თუმცა ძირითადად ყველას უკვე ესმის რა მოხდა, მათ შორის, უცხოელებსაც", — განაცხადა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

18 ნოემბერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესაჯამებლად გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება ამ შემთხვევაშიც იყო და ეს საქართველოს აწუხებს 30 წლის განმავლობაში.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები