ყარაბაღის ომი მარნეულის წინასაარჩევნო აგიტაციაში
ყარაბაღის ომი 27 სექტემბერს განახლდა ამ დროს მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხვდებოდნენ მოსახლეობას, აცნობდნენ მათ წინასაარჩევნო პროგრამას და აძლევდნენ დაპირებებს. ასე ხდებოდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მაგრამ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროგრამასთან ერთად დღის წესრიგში მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე ომიც იდგა.

მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩეველთან საუბრისას ყარაბაღის ომში ღია მხარდაჭერას აზერბაიჯანს უცხადებდნენ მაშინ, როდესაც საქართველოს ამ კონფლიქტში ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული.

განცხადებები კეთდებოდა საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდანაც. მეათე მოწვევის პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა 27 სექტემბერს ღიად ისაუბრა ყარაბაღის ომზე და განაცხადა, რომ თუ კონფლიქტი არ მოგვარდებოდა იძულებული იქნებოდა რომ ხელში იარაღი აეღო.

“დღეს აფხაზეთის ოკუპაციის დღეა. სამწუხაროა, რომ საქართველოც იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც სეპარატიზმს განიცდის. მე მჯერა რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გზას გაუხსნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ - დაწერა რუსლან გაჯიევმა 27 სექტემბერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ამავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ღია წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვმა. სულეიმანოვმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

Azərbaycan Respublikasının Prezidenti cənab İlham Əliyevə Gürcüstan Parlamentinin deputatı Azər Süleymanovun...

Posted by Azer Suleymanov on კვირა, 27 სექტემბერი, 2020

10 ოქტომბერს მარნეულის „ატა ჰოლდინგის“ ცენტრში აზერბაიჯანისადმი მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. „გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, „დიდება აზერბაიჯანის ჯარს“, „ან ყარაბაღი ან სიკვდილი“, „აფხაზეთი, ოსეთი ჩვენია“, „იცოცხლოს აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა“ - ეს ის შეძახილებია, რომლებიც 10 ოქტომბერს გამართულ აქციაზე ისმოდა. ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები და კანდიდატები ამ დღეს გაერთიანდნენ და აქციაში მონაწილეობა ერთად მიიღეს. მათ შორის იყვნენ „ქართული ოცნებიდან“ ზაურ დარგალი, „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევი, „ლელოდან“ მურად მურადოვი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი და „ლეიბორისტული პარტიიდან“ ალი ბადიროვი. განსხვავებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, საკუთარ პოზიციას „ქართული ოცნების“ მაჟორიტატი კანდიდატი ზაურ დარგალი ღიად არ აფიქსირებდა.

დროის გასვლასთან ერთად ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის უპირატესობა იზრდებოდა. 8 ნოემბერს აზერბაიჯანმა სტრატეგიოული ქალაქი შუშა აიღო. შუშას აღებასთან დაკავშირებით დაიწყო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ეთნიკურად აზერბაიჯანელები უკვე ზეიმობდნენ გამარჯვებას. შუშას აღების აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა მარნეულშიც სადაც მონაწილეობას უკვე არჩეული მაჟორიტარი ზაურ დარგალიც იღებდა. დარგალი ყარაბაღის ომზე მედიასთან ღიად არ საუბრობდა, მაგრამ ამ აქციაზე ის სიტყვით გამოვიდა. მედიასაშუალებებმა, რომლებიც აქციაზე იყვნენ დარგალის გამოსვლა არ გადაიღეს, მაგრამ მოგვიანებით ინტერნეტში ვიდეოები გავრცელდა სადაც დარგალი მოსახლეობას შუშას აღებას ულოცავს. თუმცა მოგვიანებით ეს ვიდეოებიც წაიშალა. დადასტურებული ინფორმაცია, რომ ზაურ დარგალი ამ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას აზერბაიჯანის დიასპორების სააგენტომ გაავრცელა.
აზერბაიჯანის დიასპორის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მასალა
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პოლიტიკოსების და პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატების მიერ ყარაბაღის ომზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მოპოვების მცდელობად აფასებენ. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელის რაშან ზიადალიევის თქმით, მარნეულელი პოლიტიკოსებისათვის ყარაბაღის ომი არჩევნებში გამარჯვების ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო.

„პირველ რიგში ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე ომში ჩვენი სახელმწიფო ინტერესი იყო ნეიტრალიტეტი. საქართველოში ცხოვრობენ როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ისე სომეხი მოსახლეობა და პოლიტიკოსების მიერ ეროვნების გამოყენება არჩევნების მოგებისათვის არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს გააჩნია მოსაზრება ამ თემაზე, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არჩევნებზე მანიპულირების საგანი“ - განაცხადა რაშან ზიადალიევმა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძის განცხადებით, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში პოლიტიკოსების მიერ ყარაბაღის ომის თემის გამოყენება საქართველოში პოლიტიკურ პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიგვითითებს.

„უკვე რამდენიმე წელია რაც საქართველოს ხელისუფლება ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მეზობელ ქვეყნებთან კავშირში გეოპოლიტიკური მზერით ხედავენ. მათი გავლენები ადგილობრივ პოლიტიკაში დიდია, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეთანხმებული ან გავლილია აზერბაიჯანის თუ სომხეთის ხელისუფლებებთან და ამ კანდიდატების შერჩევა ნაკლებად ხდება ადგილობრივი ლეგიტიმაციით. ამიტომ, ბუნებრივია რომ ეს კანდიდატებიც გარკვეულ პასუხისმგებლობას მეზობელი ქვეყნის ისტებლიშმენტთან ხედავენ და ომის ვითარებაში ჩვენ ვნახეთ ის განცხადებები რომლებიც მათ გააკეთეს“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ

მიქელაძის თქმით, მიუხედავად რეგიონებსა და დედაქალაქში გამართული ცალკეული მხარდამჭერი აქციებისა საქართველოს აზერბაიჯანელებსა და საქართველოს სომხებს შორის ძალადობრივი ინციდენტები არ ყოფილა, რაც მათ მაღალ თვითშეგნებასა და საქართველოსთან თვითიდენტიფიკაციას აჩვენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ომის თემასთან მიმართებით ბევრი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა. მიქელაძის განმარტებით, ადგილობრივ პოლიტიკოსებს ყარაბაღის ომის პროცესში მედიაციის როლი უნდა შეესრულებინათ.

„საქართველოს ხელისუფლების მცდელობები სწორედ იმაზე უნდა მიმართულიყო, რომ საქართველს აზერბაიჯანელ და საქართველოს სომეხ პილიტიკოსებს იმაზე ელაპარაკათ, რომ ჩვენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოს მოქალაქეები ვართ და ის ომი თუ პოლიტიკური მიმართებები, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში არსებობს ჩვენ არ გვეხება და ნეიტრალიტეტით მშვიდობის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის. სამწუხაროდ, ეს მედიაციის ფუნქცია ამ განცხადებებითა და ამ მიდგომებით პოლიტიკოსებმა ვერ შეასრულეს“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ

თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელის განმარტებით, წინასაარჩევნო პროცესებში ყარაბაღის ომის თემა ხმების მოსაზიდადაც იყო გამოყენებული.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ყარაბაღის ომში ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით სწორ ნაბიჯად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი განმარტებით, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა გადმოსულიყო და ადგილობრივ პოლიტიკოსებს კარგად უნდა გაეაზრებინათ თუ რაა საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში.

„კონფლიქტის დაწყების დროს საქართველოს მთავრობამ შესთავაზა მხარეებს მოლაპარაკებების ადგილად თბილისის არჩევა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ცოტა რაც მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ. უკვე ახლა, საქართველო პირველ რიგში უნდა გავიდეს ანკარასა და ბაქოზე, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული სახელმწიფოები არიან, და დაელაპარაკოს რომ სომხეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები. საქართველომ უნდა შეასრულოს შუამავლის როლი ერთი მხრივ სომხეთსა და მეორე მხრივ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რათა შევქმნათ შიდა რეგიონალური კავშირი. რა თქმა უნდა რუსეთს ეს არ მოეწონება, მაგრამ თურქეთი უკვე აშკარად შევიდა აზერბაიჯანში კულტურულად და ცივილიზაციურად, ერთი ენა, ერთი კულტურა და ერთი რელიგია აქვთ. მეორე მხრივ უკვე ჩვენ უნდა შემოვუშვათ თურქეთი ინსტიტუციონალურად „ნატოთი“. „ნატო“ უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი და ამით უნდა ვესაუბროთ სომხეთს რათა ის აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთზე.“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა

ყარაბაღის 44 დღიანი ომი 10 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა კონტროლი მოიპოვა ყარაბაღის 7 რაიონზე და ასევე ქალაქ შუშაზე. მეზობელ სახელმწიფოებში საომარი მოქმედებები შეწყდა, მაგრამ საქართველოში ამ დრომდე გრძელდება არჩევნებთან დაკავშირებული პროცესიები.

რადიო "მარენული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები