მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ მოადგილეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს
დღეს, 29 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, კანონდარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

გიორგაძე, 28 დეკემბერს, მამუკა ნავერიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნავერიანი მარნეულის მუნიციპალური ააიპ „სპორტული სკოლის“ ბიუჯეტის საჯარო განხილვას გამოეხმაურა. ნავერიანის განცხადებით, საჯარო განხილვა სპორტსკოლის მიმართ მიკერძოებული, აგრესიული და ტენდენციური იყო.

„მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნულ მოსმენაზე მობილიზებულად იყო შეტავა სპორტული სკოლის წარმომადგენლებზე, ჰქონდა ადგილი მათ მიმართ ხმამაღალ საუბარს. მათ არ ჰქონდათ ადგილი და საშუალება რათა კითხვებზე გაეცათ პასუხი და საზოგადოებისათვის სრულყოფილად მიეწოდებინათ ის ინფორმაცია რაც ჯანსაღ გარემოში უნდა მიეწოდებინათ. მე ვფიქრობ, რომ მარნეულის სპორტსკოლის აღსაზრდელები არ იმსახურებენ საკრებულოს თავმჯდომარისაგან მსგავს დამოკიდებულებას“ - განაცხადა მამუკა ნავერიანმა მარნეულის ტელევიზიის ეთერში 

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ნავერიანის მიერ გაკეთებული განცხადებები სპორტსკოლის ხელმძღვანელობის შეურაცხყოფად შეაფასა და განაცხადა, რომ მათ საკრებულოს კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

„პირველ რიგში ეს არის სპოტრსკოლის ხელმძღვანელობის შეურაცხყოფა. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სპორტსკოლას არ ყავს ის ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია აქ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს და ახალ ამპლუაში მოგვევლინა მამუკა ნავერიანი რომელსაც არანაირი იურიდიული უფლება არ აქვთ სპორტსკოლის სახელით ისაუბროს. პირველ რიგში ის მაინტერესებს, საიდან აქვს მას წვდომა სპორტსკოლის დოკუმენტაციაზე, რომ ამ დოკუმენტებით გვესაუბრება და მეორე, მას შეყავს შეცდომაში სპორტსმენები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებს, რომ ვითომდა მე სპორტსმენებს და მწვრთნელებს შეურაცხყოფა მივაყენე“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ

გიორგაძის განმარტებით, მარნეულის სპორტსკოლას ყოველწლიურად დაახლოებით 300 000-მდე ლარი დაუხარჯავი რჩება, მაგრამ მუნიციპალური ააიპ-ი სპორტსმენებს და მწვრთნელებს არ ახალისებს და საახალწლოდაც არ ურიცხავს თანხას.

„ჩემზე გადმოაქვს აქცენტი, რომ ამირან გიორგაძე წინააღმდეგია რომელიმე მწვრთნელის ან სპორცმენის. ეს, კიდევ ერთხელ, არის დასტური იმისა, რომ ბატონი მამუკა, რომელიც არის მაღალი თანამდებობის პირი, კანონდარღვევით, კანონსაწინააღმდეგოდ ერევა სპორტული სკოლის საქმიანობაში და უფრო მეტიც, სპორტული სკოლის სახელით ღიად, ტელევიზიის კამერების წინაშე აკეთებს კომენტარებს და იცავს სპორტსკოლის პოზიციებს, ეს ჩემთვის მიუღებელია“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რათა მერიაში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და შეისწავლოს სპორტსკოლის 2019-20 წლების საქმიანობა.

ამირან გიორგაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კანონდარღვევაში ღიად დაადანაშაულა, თუმცა რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა სამართალდამცავი უწყებებისათვის მიმართვას, გვპასუხობს, რომ არ აპირებს.

მამუკა ნავერიანი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები