მარნეულის ბიუჯეტიდან რელიგიური კონფესიების დაფინანსების საკითხზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დღეს, 19 თებერვალს, მარნეულის მერიის 2020-21 წლების ბიუჯეტიდან რელიგიური კონფესიებისათვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსარჩელე სამირა ბაირამოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის 400 000 ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი, რაც დისკრიმინაციულია და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება.

„ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ მიმართულებით, არ უნდა იყოს ჩართული ადგილობრივ დონეზე რელიგიის გაძლიერების პროცესში, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან ყველა რელიგიის წარმომადგენლები იღებენ შესაბამის დაფინანსებას. ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ესაა, რომ ადგილობრივ დონეზე გაუქმებული იყოს რელიგიური კონფესიების დაფინანსება, რადგან ეს არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას" - გვითხრა სამირა ბაირამოვამ

ბაირამოვას განცხადებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გიორგაძემ პირველ სხდომაზე საჩივრების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა 2020 და 2021 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში რელიგიური კონფესიებისათვის გამოყოფილი თანხები.

„ჩვენ სასამართლომ შემოგვთავაზა, რომ ორივე სარჩელი გავაერთიანოთ და ერთად მოხდეს მათი განხილვა. ვინაიდან არცერთი მხარე წინააღმდეგები არ ვიყავით, ეს საქმეები გაერთიანდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომელთა განმარტებითაც საქმეში მესამე მხარედ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ნაცვლად საპარტიარქო უნდა ყოფილიყო. ვინაიდან 2020 წელს მარნეულის მერიამ თანხა მარნეულისა და ჰუჯაბის საპატრიარქოს ჩაურიცხა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მესამე მხარედ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია დარჩება, ხოლო რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დავას, ამ საქმეში მესამე მხარედ საქართველოს საპატრიარქო შემოვა“ - გვითხრა სამირა ბაირამოვამ

ბაირამოვას განმარტებით, მათი სარჩელის მთავარი ადრესატი მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობაა, ხოლო სასამართლომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქემში მესამე მხარედ საქართველოს საპატრიარქო შესულიყო. 

აღნიშნულ საქმეზე სამირა ბაირამოვასთან ერთად მოსარჩელეა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირტაგი ასადოვიც. 

საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო სხდომა აპრილშია ჩანიშნული.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის დაფინანსების შეწყვეტას ერ ეთანხმება.

„მე არ ვთვლი რომ ესეთი დაფინანსება უნდა შეწყდეს. ეს მიზანშეწონილია იმიტომ, რომ მარნეულში აღრიცხულია, დაახლოებით, 120-ზე მეტი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლი, რომელიც ითხოვს მოვლა-შენახვას და მის აღდგენას. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოხდეს ამ სამუშაოების შესრულება“ - გვითხრა ზაურ ტაბატაძემ

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის 400 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეულის“ ზარებს მარნეულისა და ჰუჯების ეპისკოპოსი არ პასუხობს.

რადიო „მარნეული“

შესწორება: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო "მარნეულის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების საკითხზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა". გაირკვა, რომ სიტყვები "ადგილობრივი ეპარქიის" არასწორადაა გამოყენებული, რომელიც შეიცვალა სიტყვებით "რელიგიური კონფესიების".
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები