„1000 მშობლის მარში“ მარნეულში
დღეს, 8 მარტს, მარნეულის იუსტიციის სახლის მიმდებარედ აქცია „1000 მშობლის მარში“ გაიმართა.

აქციას მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები, მასწავლებლები, პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქცია ქალთა მოძრაობის კამპანიის „პროტესტის 100 დღის“ ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მთავარი მოთხოვნებია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლის ცვლილება, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტის შექმნა, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; სქესობრივი ძალადობის ამოცნობისა და მისგან თავის დაცვის მიზნით ბავშვებისათვის ფორმალური განათლების მიცემა; ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა და 14 წლის ნინიას საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა ოლგა ენდელაძემ განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობის მიღება საკუთარი შვილების უფლებების დაცვის მიზნით გადაწყვიტა.

„პირველ რიგში მშობელი ვარ და მინდა ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩემი ბავშვებისა და მათი მეგობრების უფლებები დაცული იქნება. საკმაოდ განვითარებული კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც იცავს ქალთა და ბავშვთა უფლებებს, მაგრამ რეალობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა რეგულაცია და ყველა კანონი ვერ სრულდება“. - გვითხრა ოლგა ენდელაძემ

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლის გაძლიერებასა და კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ მარნეულელი ოპოზიციონერებიც. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გოგოების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირებას ვერ ახდენს.

„ამ აქციას ვუერთდები რათა ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ დამთავრდეს ძალადობა, დამთავრდეს ადრეულ ასაკში ქორწინება და ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს ამისათვის პოლიტიკური ნება არ აქვს, რადგან კანონში ყველაფერია დაწერილი კარგად და ლამაზად, მაგრამ პოლიტიკური ნება არ აქვთ, რადგან თითქმის ყოველ წელს საქართველოში არჩევნებია და დღევანდელი ხელისუფლება მხარდაჭერის მოპოვებას ასეთ ფაქტებზე თვალების დახუჭვით ცდილობს“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

აქციაზე ბავშვთა მიმართ ძალადობა დაგმო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმაც.

„1000 მშობლის მარში“, თბილისთან ერთად, საქართველოს 10 ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში გაიმართა. აქციები გაიმართა გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხეში, ხარაგაულსა და თბილისში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები