სავალან მირზოევის, სავარაუდოდ რესტორანში, დაკარგულ ნივთებზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო
პარლამენტარმა სავალან მირზოევმა გასულ კვირას მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში ხელჩანთა დაკარგა, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, 4 000-მდე ლარი, ძვირადღირებული მობილურები და პარლამენტარის საბუთები ეწყო.

რადიო „მარნეულს“ სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ სავალან მირზოევი მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში კომენდანტის საათის დროს იმყოფებოდა. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პარლამენტარი სახლში წავიდა და მხოლოდ მეორე დღეს შეამჩნია, რომ მისი ხელჩანთა, რომელშიც ნაღდი ფული და ძვირადღირებული ტელეფონები ჰქონდა დაკარგა. მირზოევი კუთვნილი ნივთების მოსაძებნად რესტორანში დაბრუნდა, მაგრამ რესტორნის მეპატრონემ განუცხადა, რომ არც მას და არც მის თანამშრომლებს დეპუტატის ხელჩანთა არ უნახავთ. სავარაუდოდ, რესტორნის მეპატრონის პასუხმა პარლამენტარი გააღიზიანა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში პოლიცია პარლამენტარმა თავად გამოიძახა რის შემდეგაც ობიექტის ჩხრეკა განხორციელდა.

რადიო „მარნეულის“ ზარებს პარლამენტარი სავალან მირზოევი არ პასუხობს. ჩვენს ზარებს არ უპასუხა რესტორნის მეპატრონემაც. აღსანიშნავია, რომ დღეს, 8 მარტს, რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტები რესტორანში მომსახურე პერსონალისა და მეპატრონის ჩაწერის მიზნით მივიდნენ, მაგრამ ობიექტი დაკეტილი დაგვხვდა.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობ, რაც ქურდობას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები