პროკურატურამ თუ დაიწყო გამოძიება ეს იქნება სიმბოლური - აგილ მუსტაფაევი ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე
ბერა ივანიშვილის მიერ, 9 მარტს, ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ივანიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგილ მუსტაფაევი გამოეხმაურა.

„აქ ჩანს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ ერთი ადამიანის ოჯახის ინტერესებზე და არა ქვეყნის ინტერესებზე. პრემიერმინისტრს დავალებას აძლევს ოლიგარქის შვილი და მაშინ, როდესაც ქვეყანაში დიდი პრობლემებია, არეულობა, კრიზისი და ა.შ. პრემიერმინისტრი დაკავებულია არა ამ პრობლემების მოგვარებით, არამედ იმ საქმეებით, რომლებიც ივანიშვილის შვილს აინტერესებს“. - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და დაცვის სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს მითითებებს აძევს, რათა მათ მიაკითხონ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მას ფეისბუქზე შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ბერა ივანიშვილმა 9 მარტს „იმედის“ ეთერში აღნინშული ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო, მაგრამ აღნიშნა, რომ საუბარი, რომელიც ტელეკომპანია „პირველმა“ გაუშვა, 2011 წელს შედგა, როდესაც ბერა 15-16 წლის იყო.

“ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულში. მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები ჩემი მისამართით , ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა“. - განაცხადა ბერა ივანიშვილმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად ივანიშვილის განცხადებისა, მტკიცებულებები და ფაქტები იმაზე მეტყველებენ, რომ სატელეფონო საუბრები, რომლის ჩანაწერებიც გავრცელდა, არა 2011 წელს, არამედ უფრო გვიან შედგა.

„ჩემი აზრით, პროკურატურამ შესაძლებელია დაიწყოს ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას, მაგრამ ეს იქნება სიმბოლური გამოძიება და არა რეალური საქმე. დღემდე ძალიან ბევრი ძალადობისა და მუქარის შემთხვევა არსებობდა ხელისუფლებისა და ივანიშვილების ოჯახის წევრების მხრიდან, მაგრამ დღემდე არცერთი საქმე ბოლომდე და რეალურად გამოძიებული არაა. სიმბოლური იქნება გამოძიებაც რადგან დღევანდელი სახელმწიფო ინსტიტუტები, იქნება ეს პროკურატურა თუ სასამართლო, ოლიგარქის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არ წავა“ - განაცხადა აგილ მუისტაფაევმა

აღსანიშავია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები