მამუკა ნავერიანი გადადგომას საკრებულოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებას არ უკავშირებს
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას 2020 წლის დეკემბერში მასაა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მიმდინარე კონფლიქტს არ უკავშირებს.

„ამ ფაქტს მე დაპირისპირებასაც ვერ ვუწოდებდი, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და ჩემი გადაწყვეტილება აღნიშნულ ფაქტს არ უკავშირდება. მე ვრჩები (ქართული ოცნების) გუნდის წევრად და ვემსახურები ჩვენს მოქალაქეებს ჩვენ მიერ აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში“ - განაცხადა მამუკა ნავერიანმა

დღეს, 13 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე მამუკა ნავერიანმა საკრებულოს მანდატი შეიწყვიტა. როგორც ამავე სხდომაზე მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამუკა ნავერიანი მარნეულის „სპორტსკოლის“ ხელმძღვანელად დაინიშნოს, რადგან „სპორტსკოლის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელს იაგო ნავერიანს თანამდებობის დატოვება დიდი ხნის განმავლობაში სურდა, მაგრამ მას კორონავირუსის გავრცელებამ სამსახურის დატოვების საშუალება არ მისცა.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი მოადგილის კანდიდატურა უნდა წარადგინოს, რომელსაც საკრებულოს წევრები აირჩევენ. მამაუკა ნავერიანს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები ოფიციალურად ხვალიდან, 14 აპრილიდან, შეუწყდება.

აღსანიშნავია, რომ 29 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, კანონდარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

გიორგაძე, 28 დეკემბერს, მამუკა ნავერიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნავერიანი მარნეულის მუნიციპალური ააიპ „სპორტული სკოლის“ ბიუჯეტის საჯარო განხილვას გამოეხმაურა. ნავერიანის განცხადებით, საჯარო განხილვა სპორტსკოლის მიმართ მიკერძოებული, აგრესიული და ტენდენციური იყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები