„შეიძლება ვერ ვთქვათ, რომ ეს იქნება უნაკლო თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკეთესი არჩევნები“ - აშშ-ს ელჩი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მარნეულის მოსახლეობას საკუთარ ენაზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია ჰქონდეს რის მისაღწევადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის მხრიდან უნდა გაგრძელდეს მუდმივი ძალისხმევა რათა საზოგადოებამ სწორი და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოში აშშ-ს ელჩმა პოლიტიკურ პროცესებში ადგილობრივების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება ეთმობათ პოლიტიკოსებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების, ადამიანების, ხმა და მათი მოსაზრებები. სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით მუშაობს ამ საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან რაც გულისხმობს უფრო მეტ დეცენტრალიზაციას და უფრო მეტ სამოქალაქო ჩართულობას. მოსახლეობის როლი და მოვალეობაა, რომ მათ უზრუნველყონ თავიანთი არჩეული წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება მათ წინაშე და არჩეული პირების ვალდებულებაა, რომ მათ იგრძნონ თავი ანგარიშვალდებულებად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და მათი საჭიროებების და სხვადასხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერება იზრდება და ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის“. - განაცხადა კელი დეგნანმა

საქართველოში აშშ-ს ელჩის განმარტებით, პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობისათვის მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესისადმი ნდობა. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გვპასუხობს, რომ აღნიშნული რეფორმებით არჩევნების პროცესში ჩართული სუბიექტების თანასწორი უფლებები გაიზრდება.

„მოლაპარაკებების 6 თვის მანძილზე ძალიან დიდი ყურადღება და კონცენტრაცია ზუსტად ამ საარჩევნო საკითხებს და საარჩევნო რეფორმებზე ბევრს საუბრობდნენ და მოლაპარაკებების პროცეში შედიოდნენ წარმოდგენილი პარტიები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე იყოს ბალანსი წარმომადგენლებს შორის იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა ოპოზიციას თუ მმართველ პარტიას უჭერს მხარს, ჰქონდეს ნდობა ამ პროცესების მიმართ. მე, რა თქმა უნდა, მაღალ შეფასებას მივცემ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და იმედი მაქვს, რომ შემდეგი არჩევნები იქნება უკეთესი. როგორც ვხედავთ, ყოველი შემდგომი არჩევნები გარკვეულწილად არის უკეთესი წინა არჩევნებზე. შეიძლება ვერ ვთქვათ, რომ ეს იქნება უნაკლო თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკეთესი არჩევნები“.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას,მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
Print