„არ ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომ ვერ იპოვიან სათანადო ქალ კანდიდატებს“ - კელი დეგნანი კვოტირებაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, განცხადებით, გენდერული ბალანსი ძლიერი დემოკრატიისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, თუ ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გასაზრდელად კვოტირების სისტემაა აუცილებელი, ის მას მიესალმება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. კვოტირების ამ ფორმას მარნეულელი პოლიტიკოსების ნაწილი უარყოფითად აფასებდა და აცხადებდა, რომ მარნეულში ძნელი იქნებოდა საკმარისი ქალი კანდიდატების პოვნა რასაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა.

„საქართველოში ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ნამდვილად შევხვდი ძალიან ბევრ ძლიერ, განათლებულ, ნიჭიერ ქალს, მათ შორის აქაც (მარნეულში) შევხვდი სამ ქალბატონს რომლებიც დარწმუნებული ვარ რომ იქნებიან ძალიან ძლიერი კანდიდატები არჩევნებისთვის, როგორც ადგილობრივად, ასევე ცენტრალურ დონეზე და მე არ ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომ ვერ იპოვიან სათანადო ქალ კანდიდატებს“. - განაცხადა კელი დეგნანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აშშ-ს ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ იმ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს, სადაც უფრო მეტი მრავალფეროვნებაა მუშაობის პროცესში უფრო კარგი შედეგები აქვთ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს ისეთი სია უნდა წარუდგინოს, სადაც ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.

ცვლილებები შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც. 2028 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პარტიებმა ცესკოს შესაბამის რაიონულ ორგანიზაციებს ისეთი სია უნდა წარუდგინონ, სადაც ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება.

რადიო „მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები