პლატფორმა სალამი დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
"ბოლო დღეების განმავლობაში, დმანისში სიტუაცია განსაკუთრებით არის დაძაბული. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, მეორე დღეს, 17 მაისს, ეთნიკურ ჯგუფებს შორის ფართო მასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშავია, რომ გუშინ დმანისის ქუჩებში სიტუაცია უკონტროლო იყო. სახელმწიფომ დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან დაშორება და ძალადობის აღმოფხვრა ვერ შეძლო.
აღნიშნულმა ინციდენტმა, ერთის მხრივ, წარმოაჩინა სახელმწიფოს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის პრობლემური პრაქტიკები და არსებითი ჩავარდნები, ხოლო მეორეს მხრივ, დაგვანახა, რომ რეგიონებში ეთნიკური ჯგუფების ერთად ცხოვრების მიუხედავად, არსებითი თანაცხოვრების პრაკტიკები არ იკვეთება. ადგილზე მოსახლეობა ერთმანეთს არ იცნობს და ამ ყოფაში ეთნიკური ხაზების გასწვრივ ხალხის მობილიზაცია და ორგანიზება უაღრესად მარტივია.
უნდა ითქვას, რომ ასეთი ყოფითი ინციდენტები (როგორიც იყო ლუდის ინციდენტი) პირველი და ერთადერთი არ არის. უფრო მეტიც, არ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი ამბების სიღრმისეული მიზეზი ლუდის ნისიაზე აღება იყო.
რადგანაც ამ საკითხზე ძალიან ბევრი დაიწერა და ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ მოდერატორობაზე და მოსახლეობის შერიგებაზე განაცხადი გააკეთა, ჩვენ, პლატფორმა სალამში გაერთიანებული ახალგაზრდები ორ საკითხზე გავაკეთებდით აქცენტს.
პირველი, აბსოლუტურად გვესმის დომინანტი ეთნიკური ჯგუფის წევრების წუხილის, რომ საქართველოში ყველაზე ჩაგრულ და გარიყულ ჯგუფს ისინი წარმოადგენენ, რომ „საქართველოში ქართველის გარდა არავინ იჩაგრება“. ჩვენს მხრიდან ამის არ დანახვა, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ყოფის, სიღარიბის, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის და ცენტრის მიერ პერიფერიებში მცხოვრები მოსახლეობის ჩამოჩერნილებად, ბნელებად და გაუნათლებლებად დანახვის პარალელურად, შეუძლებელიც კია, რადგანაც, ჩვენც, საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც ვართ იდენტურ ყოფაში, ჩვენც ვცხოვრობთ ამ სიღარიბეში, ჩვენც გვაზიანებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ჩვენც გვიყურებენ ჩამორჩენილებად, გაუნათლებლებად, ბნელებად.
თუმცა, ამ რეალობაში, არ გვესმის, თუ რატომ ვერ ვერთიანდებით პერიფერიებში მცოხვრები ეთნიკური ჯგუფები არსებული სისტემური პრობლემების წინააღმდეგ და ვეჩხუბებით ერთმანეთს. ვერ ვიგებთ, თუ როგორ მოხდა, დომინანტის ჯგუფის ჩაგრული ყოფის ჩვენთვის გადმობრალება, ვერ ვიაზრებთ, თუ რატომ ვერ შევძელით ერთ მუნიციპალიტეტში ერთმანეთის უკეთ გაცნობა და იმის გაცნობიერება, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კლანები, როგორ ხეირობენ იმით, რომ ჩვენ ერთმანეთს ვნიშნავთ ჩვენი ჩაგრულობის მიზეზად.
მივმართავთ, საქართველოს მოსახლეობის უმრაველსობას (რადგანაც კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოსადმი, პოლიტიკური ელიტისადმი მიმართვა ამ შემთხვევაში უშედეგო იქნებოდა), რომ დავიწყოთ ჩვენი ყოფის ერთმანეთთან გაზიარება. გვჯერა და გვწამს, რომ სწორედ ეს იქნება არსებითი სოლიდარობის, თანასწორობის და სამართლიანობის მშენებლობის საწყისი წერტილი" 



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები