საჭიროების კვლევა, ადვოკატირება და სერვისები გასაგებ ენაზე - 7 არაქართულენოვან სოფელში ახალი პროექტი დაიწყო
თარჯიმნების გამონახვა და ფულის გადახდა, ქსეროქსების ძებნა და დაბნეულობა - ეს იმ დაბრკოლებების მცირე ჩამონათვალია, რომლის გადალახვაც არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო სერვისების მიღებისათვის უწევს. ნიზამ აფანდიევი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვისაც ქართული ენის არცოდნის გამო სახელმწიფო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოფელ ხულდარის სათემო ცენტრში თარჯიმნის და სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდა მისი პრობლემების ნაწილი მოგვარდა.

„ჩვენთვის ძალიან მშვნელოვანია ამ სერვისის გახსნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანია. რაც გვესაჭიროება, რა დოკუმენტებიც მოგვდის, კითხულობენ და გვიხსნიან. წერილებს გვიწერენ. მაგალითად მე მიწის გაფორმება მჭირდებოდა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ქართულად დამიწერეს წერილი. თან ეს ყველაფერი აქვეა, ადრე კი რაიონში გვიწევდა ამ სერვისების მისაღებად სიარული“. - გვეუბნება ნიზამ აფანდიევი

ხულდარასთან ერთად მსგავსი სერვისების მიღების შესაძლებლობა აქვს მარნეულისა და გარდაბნის კიდევ ექვს სოფელს. ახალია აზროვნების ინსტიტუტის რეგიონალური პროექტის ფარგლებში ხულდარის, მოლაოღლის, ქვემო სარალის, აღმამედლოს, კასუმლოს, ნაზარლოსა და ალგეთის მოსახლეობას სხვადასხვა სახის სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობა გაუჩნდა. რადიო „მარენულთან“ საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ავტორი არიზ დაშდამიროვი ამბობს, რომ პროექტის მომზადების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კორონავირუსის გამო არაქართულენოვანი სოფლები უფრო მეტად ჩაიკეტა და ინფორმაციის მიღების კუთხით სიტუაცია გაუარესდა.

„მოახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობაა. კვლევების დროს გამოჩნდა, რომ მოსახლეობამ არ იცის ოჯახის ექიმების შესახებ. პანდემიამ ძალიან შეაშინა მოსახლება. ჩვენ მათ ვეხმარებით განცხადებების წერაში, თარგმანში, პროექტებში მონაწილეობაში, მასწავლებლის ტესტირებისათვის რეგისტრაციაში, აბიტურიენტებს პროფესიის არჩევაში და გამოცდებზე რეგისტრაციაში, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში. ეს იმ სერვისების მოკლე ჩამონათვალია, რისი მიღებაც, ჩვენი პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას შეუძლია“.

გარდა ცენტრში მიღებული სერვისებისა და დახმარებებისა პროექტი შვიდივე სოფელში მოსახლეობის გამოკითხვასაც ითვალისწინებს. გამოკითხვის მიზანი სოფლის პრობლემების გამოვლენაა რის შემდეგაც მათ მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტში შესატანად წარადგენენ.

„როდესაც კვლევა დასრულდება და შედეგები ცნობილი გახდება. ივნისში სოფლის კრებებს ჩავატარებთ და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ, განვიხილავთ. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხების ადვოკატირებასაც შევუწყობთ ხელს და შევეცდებით, რომ მარენულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტში ამ პრობლემების მოგვარებაც იყოს გათვალისწინებული“. - გვეუბნება ხულდარას სათემო ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის ავტორი ქამრან ეფენდიევი

ახალი აზროვნების ინსტიტის რეგიონალური პროექტი „COVID-19-ის გავლენა ქვემო ქართლში და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქება" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები