თვის ბოლოს გახდება ცნობილი თუ როდის ამოქმედდება მარნეულში „გამცილებლის სერვისი“
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში უსინათლო მოქალაქეებისათვის გამცილებლის სერვისის შემოღება იგეგმება. 2021 წლის 4 მარტს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ სერვისის მიღებისათვის სამუშაო პროცესი უკვე დაწყებული იყო.

მარნეულის მერის მოადგილის განცხადებიდან დაახლოებით ორი თვე გავიდა, მაგრამ მუნიციპალიტეტში გამცილებლის სერვისი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

დღეს, 24 მაისს, მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა გიორგი მეურმიშვილმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით გადაწვეტილებას თვის ბოლოს მიიღებენ.

„ამ თვის ბოლო კვირაშია დაგეგმილი მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა და ამ სხდომაზე გადაწყდება ყველაფერი“. - განაცხადა გიორგი მეურმიშვილმა

ამ დროისათვის უცნობია თუ რამდენ უსინათლოს შეეძლება მერიის გამცილებლის სერვისის მიღება. გამცილებლის სერვისის მეშვეობით მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლოები გამცილებლის დახმარებით შეძლებენ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში მისვლას და მათთვის საჭირო სერვისების მიღებას.

უსინათლოებს გამცილებლის დახმარებით კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლაც შეეძლებათ. მარნეულში ვაქცინაციის პროცესი უკვე 70 დღეა მიმდინარეობს, დაავადებათა კონტროლის სამოქმედო გეგმის მიხედვით ისინი აპრილიდან აპირებდნენ შშმ პირების ვაქცინაციისათვის მობილური ჯგუფების შექმნას, მაგრამ ამ დრომდე ეს სერვისი ამოქმედებული არაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები