მარნეულში მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებას ოპოზიცია უარყოფითად აფასებს
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ორით შემცირდება. 2017 წელს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მარნეულის საკრებულო 35 წევრით დაკომპლექტდა, 2021 წლის არჩევნების შემდეგ კი საკრებულოში 33 წევრი იქნება.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები მაჟორიტარული და პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრებსაც შეეხება. 2017 წელს მარნეულის საკრებულოში მაჟორიტარული წესით 20, ხოლო პროპორციულით 15 დეპუტატი შევიდა. წინა არჩევნებისაგან განსხვავებით წელს მარნეულს მხოლოდ 11 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, პროპორციული სიით კი საკრებულოში 22 ადამიანი შევა.

საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს, კონკრეტულად კი მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებას უარყოფითად აფასებენ მარნეულში მომუშავე ოპოზიციონერები.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული წესის მოქმედება მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისათვის მიუღებელია.

„დღევანდელი ოქმების შედგენა საერთო ჯამში გაუაზრებელია. ახლა იფიქრეთ, ოფრეთი, შაუმიანი, ახკერპი, ხოჯორნი და ა.შ შეერთებულია ერთ ოლქად. თავად მოსახლეობისთვისაც ძნელი იქნება აუხსნას მაჟორიტარს თუ რა ხდება, როგორ ხდება და რატომ ხდება და აქედან გამომდინარე უფრო კარგი იქნებოდა რომ მთლიანად პროპორციული ყოფილიყო ეს არჩევნები, მაგრამ სამწუხაროდ მივიღეთ ის რაც მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“. ჩვენ უმეტესწილად ვიმუშავებთ პროპორციულ სიაზე რადგან პროპორციულად უფრო მეტი წევრი უნდა შევიყვანოთ საკრებულოში რომ ოპოზიციას ჰქონდეს უმრავლესობა საკრებულოში“. - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის განმარტებით, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება ხელს მხოლოდ ქართულ ოცნებას უწყობს, რადგან მმართველი გუნდი არჩევნებზე სახელმწიფო რესურსს მაინც გამოიყენებს და ამ გზით მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებას შეეცდება.

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მსგავსად საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგილ მუსტაფაევიც. მისი განმარტებით, საკრებულოს წევრები სრულიად პროპორციული სიით უნდა ყოფილიყვნენ არჩეული, რადგან ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლება მაჟორიტარი კანდიდატებით მანიპულირებს.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ როგორც ჩვენ რეგიონში განისაზღვრა მაჟორიტარების საზღვრები, ესაა „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურად განსაზღვრული და დაგეგმილი. მაგალითად, სხვადასხვა სოფლებში 6-7 ათას ამომრჩეველზეა ერთი მაჟორიტარი და 19 000 ამომრჩეველზეც ერთი. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ალგეთის თემი, რომელშიც არის 11 000 ამომრჩეველი და დაამატეს კაპანახჩის თემი და ერთად ამ მაჟორიტარულ ოლქში გამოდის 19 105 ამომრჩეველი, რაც შეეხება ქალაქ მარნეულს, იგივე რაოდენობის ამომრჩეველია, დაახლოებით 100 ამომრჩეველშია განსხვავება, აქ არის უკვე სამი მაჟორიტარი, არანორმალურადაა ეს საზღვრები განსაზღვრული“. - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, ქალაქ მარნეულს 3 მაჟორიტარი ეყოლება, წერეთლის და თამარისის თემს ერთი, სადახლოს ერთი, დამია-გეურერხს და შულავერს ერთი, ყიზილაჯლოს ერთი, ყაჩაღანს და კასუმლოს ერთი, ქუთლიარსა და ყულარს ერთი, ალგეთსა და ქაფანახჩს ერთი და ახქერფს, ოფრეთს, ხოჯორნს, შაუმიანსა და წერაქვს ერთი.

გთავაზობთ მაჟორიტარული ოლქებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის ჩამონათვალს:
ქალაქი მარნეული - 19 155 ამომრჩეველი, 3 მაჟორიტარი
წერეთლისა და თამარისის ადმინისტრაციული ერთეულები - 5 666 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი
სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული - 9 621 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი
დამია გეურარხისა და შულავერის ადმინისტრაციული ერთეული - 10 442 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი
ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეული - 6 867 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი
კაჩაგნის და კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეულები - 12 725 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი
ქუთლიარის და ყულარის ადმინისტრაციული ერთეულები - 10 039 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი
ალგეთის და კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულები - 19 105 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი
ახკერპის, ოფრეთის, ხოჯორნის, შაუმიანის და წერაქვსი ადმინისტრაციული ერთეულები - 6 024 ამომრჩეველი, 1 მაჟორიტარი


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები