მარნეულის შშმ პირთა საბჭო ოთხი ბენეფიციარის განცხადებას განიხილავს
მარნეულში შეზღუდუ ლი შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო ოთხი პირის განცხადებას იხილავს, რომლებიც საცხოვრებელი სახლების ადაპტირებას ითხოვენ.

შშმ პირთა საბჭოს სხდომა მარნეულში 30 ივნისს გაიმართა. მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს კალენდარული წლის მეორე სხდომა გაიმართა.

შშმ პირთა საბჭოს სხდომას პირველად ესწრებოდა მარნეულის მერის ახალი მოადგილე როინ დეკანოიძე. დეკანოიძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ პირველ სხდომაზე საბჭოს მუშაობის სპეციფიკასა და წევრების ფუნქციებს გაეცნო.

„კონკრეტული განცხადებები განვიხილეთ. საბჭოს წევრებს მივეცი დავალება, რომ ადგილზე გავიდნენ და შეისწავლონ ბენეფიციარების მდგომარეობა და რა სახის დახმარება სჭირდებათ მათ. ბიუჯეტში არის გათვალისწინებული გარკვეული თანხები და ამ თანხების ფარგლებში დავეხმარებით. ზოგიერთს ოთახის მოწყობა უნდა, ზოგს პანდუსის გაკეთება უნდათ საცხოვრებელ სახლში, გვყავს კონკრეტული ბენეფიციარი, რომელიც მეორე სართულზე ცხოვრობს და დაბლა ჩამოსვლისათვის პანდუსი სჭირდება. განცხადებების ადგილზე შესწავლის შემდეგ დავეხმარებით რა სახის დახმარება დასჭირდებათ“ - განაცხადა როინ დეკანოიძემ

მარნეულის მერის მოადგილის განმარტებით, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს „გამცილებლის ინსტიტუტის“ შექმნასთან დაკავშირებითაც. ამბობს, რომ მიმდინარეობს კვლევა, თუ რამდენი უსინათლოა მარნეულის მუნიციპალიტეტში და რამდენი ადამიანია საჭირო სერვისის სრული ფუნქციონირებისათვის. გამცილებლის სერვისის მეშვეობით მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლოები გამცილებლის დახმარებით შეძლებენ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში მისვლას და მათთვის საჭირო სერვისების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე მარნეულის მერის ყოფილი მოადგილე ლაშა ლობჯანიძე იყო. მერის მოადგილის თანამდებობაზე ლობჯანიძე როინ დეკანოიძემ ჩაანაცვლა და შესაბამისად ის შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

რადიო „მარნეული“

Print