პრემიერ-მინისტრმა „მწვანე შუქი“ აუნთო მოძალადეებს - იმამკულიევი ძალადობრივ აქციაზე
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან დღეს, 5 ივლისს, თბილისში, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი ეხმიანება.

იმამკულიევის განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გაკეთებული განცხადებით ძალადობრივ ჯგუფებს „მწვანე შუქი“ აუნთო და ძალადობის უფლება მისცა.

„მოგვწონს თუ არ მოგვწონს განსხვავებული აზროვნების ხალხი, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ პატივისცემით ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების ხელმძღვანელმა ე.წ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „მწვანე შუქი“ აანთო რომ ამ ძალადობრივმა, პრორუსულმა, დაჯგუფებებმა ადამიანებზე იძალადონ. ამ მოძალადე ჯგუფების სათავეებში დგანან საქართველოში პრორუსული ძალების წარმომადგენელი პირები“.

იმამკულიევის განცხადებით, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. ამბობს, რომ მიუღებელია ამ ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობასთან გაშლილი კარვების დარბევაც, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა თბილისი პრაიდის მიერ დაორგანიზებულ „ღირსების მარშს“.

„ამის საშუალებას მოძალადეებს აძლევ პრემიერ-მინისტრი. დღეს ხელისუფლებას მკაცრი როლი უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები, დაიცვას წესრიგი, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებისთვის ემზადება და საარჩევნო კამპანიას ატარებს დღეს ეკლესიასთან ერთად, ცდილობს ეკლესიის მრევლის ხმების მოპოვებას და სწორედ ამიტომ გააკეთა ასეთი განცხადება პრემიერ მინისტრმა“.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს თბილისში „ღირსების მარშის“ ჩატარებას, იმამკულიევი გვპასუხობს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის და თავისუფლების უფლება და ეს უფლებები არავინ უნდა შეზღუდოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის „ღირსების მარშის“ უკან „რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით“ დგას. ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოში ლგბტქ+ ადამიანების უფლებები არ ირღვევა და „ღირსების მარში“ თავადაა დისკრიმინაციული ღონისძიება, რადგან ზედმეტად ხდება სექსუალური უმცირესობების განსხვავებულობაზე აპელირება.

დღეს, 5 ივლისს, დილის საათებიდან თბილისში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს ესხმიან და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ "თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია.“
- აცხადებს შსს

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები