სიახლე
2021 წლის არჩევნები - დემოკრატიის გამოწვევების შესახებ მარნეულში კონფერენცია გაიმართა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დღეს, 8 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილეს რომლებიც 2021 წელს, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს და სოციალურ მედიაში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) იურისტმა გიორგი მუნიავამ განაცხადა, რომ შეხვედრა რეგიონებში, ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, დაინტერესებული პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის იმ სიახლეების და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად, რაც საარჩევნო კოდექსში განხორციელდა.

„ცვლილებები საკმაოდ ბევრია. არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სახის. მოგეხსენებათ გათვალისწინებული იყო მოქმედი კოდექსით, რომ პოლიტიკური პარტიების სიების ფორმულირება უნდა მომხდარიყო იმგვარად, რომ ყოველი მეორე კანდიდატი სიაში უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მითუმეტეს რეგიონალურ დონეზე. თუმცა, ახალი ცვლილებებით ყოველი მეორეს მაგივრად მესამე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის რაც, რა თქმა უნდა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არის სტანდარტის გაუარესება“. - აცხადებს გიორგი მუნიავა

გარდა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებისა, გამოწვევები გვხვდება სოციალურ მედიაში საარჩევნო კამპანიის დროსაც. სამართლიანი არჩევნების მკვლევარმა შოთა ნარსიამ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ სამართლიანი არჩევნები სოციალურ მედიაში საარჩევნო კამპანიის წარმართვას 2018 წლიდან აკვირდება. ორგანიზაცია აკვირდება როგორც პოლიტიკური სუბიექტების ოფიციალურ გვერდებს, ასევე ანონიმურად მოქმედ გვერდებსაც.

„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ვხედავთ იმ ტენდენციის გაგრძელებას, რაც იყო მანამდე. სხვადასხვა სახის ფეისბუქ გვერდები ჩართული არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციის ან მხარდამჭერ კამპანიაში, როგორც წესი ანონიმურად და მათ შორის ასევე შეინიშნება კოორდინირებულად მოქმედების შემთხვევებიც. ბოლო პერიოდში აგრეთვე იქმნება ბევრი ახალი გვერდი, რომლებიც ფეისბუქზე რეკლამებს აქტიურად ათავსებენ. იმის მიუხედავად, რომ ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამის განთავსება სავალდებულოა, რომ დეკლარირებული სახით განხორციელდეს, აღნიშული გვერდები არადეკლარირებულად ან არასაკმარისი ინფორმაციის მითითებით ახერხებენ რეკლამების გაშვებას ფეისბუქზე რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან უცნობია როგორც ამ თანხების წარმომავლობა, ისე კონკრეტულ პირთა თუ გაერთიანებათა მიზანი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო საკითხებს“ - გვითხრა შოთა ნარსიას

კონფერენცია „დემოკრატიის გამოწვევები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ“ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ორგანიზებითა და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია