„ქენან ომაროვი არის ძალით ხმის მომტანი კანდიდატი“ - სამირა ბაირამოვა
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ქენან ომაროვის დასახელებას ეხმიანება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაირამოვა ამბობს, რომ ომაროვის მერობის კანდიდატად დასახელები „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის.

„ჩვენ დიდი ხანია ქენანს ვაკრიტიკებთ, გინდ მაშინ როდესაც განათლების სფეროში იყო, გინდ ახალ, როცა მერის მოადგილეა. შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს დადებითი დამოკიდებულება მისი საქმიანობის მიმართ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში არ დარჩა ადამიანები, ვის კანდიდატურასაც დააყენებენ. ოცნებას არ ჰყავს ახალი ფიგურები, სულ 2-3 ადამიანია, რომელიც ხან დეპუტატად ინიშნებიან, ხან მერად, ხან მერის მოადგილედ, ხან რესურსცენტრის უფროსად და შესაბამისად ეს მათი კანდიდატების ნაკლებობის პრობლემაა“. - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

ბაირამოვას განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, მმართველი პარტია საგანმანათლებლო სექტორს არჩევნებში რესურსად იყენებს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქენან ომაროვი რამდენიმე წლის განმავლობაში რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო, ის პარტიისთვის ხმების მოზიდვას შეძლებს.

„მისი ყოფილი თანამდებობიდან გამომდინარე, სკოლები მაქსიმალურად ჩართული იქნებიან საარჩევნო პროცესებში. ადრეც ასე იყვნენ, მაგრამ ახლა ორმაგად ჩართულები იქნებიან, რადგან მათი ყოფილი უფროსი ახლა შეიძლება იყოს ქალაქის მერი. იმ დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის, რომლებიც ომაროვის ქოლგის ქვეშ არიან, იქნება გარანტია, რომ თუ ის ქალაქის მერი გახდება კიდევ დიდი ხნით იქნებიან ქოლგის ქვეშ და დარჩებიან როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები და ა.შ. ქენან ომაროვი არის ძალით ხმის მომტანი კანდიდატი.“ - გვითხრა სამირა ბაირამოვამ

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ქენან ომაროვი დღეს, 29 ივლისს დაასახელა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები