სახალხო დამცველმა მარნეულის საკრებულოდან განთავისუფლებულის მიმართ შრომის უფლებების დარღვევა დაადგინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების ყოფილი თანამშრომელი შორენა ურუმაშვილი ადმინისტრაციულ ორგანოს სამსახურიდან უსაფუძვლოდ განთავისუფლებაში ადანაშაულებს. შორენამ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 31 დეკემბერს გაიგო, ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლოა ითქვას, რომ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა, ხოლო ოფიციალური ბრძანებით ის საკრებულოს იურიდიული განყოფილებიდან პირველ თებერვალს გაანთავისუფლეს. აღსანიშავია, რომ მარნეულის საკრებულომ იურიდიული განყოფილება სრულიად გააუქმა. შორენამ სასამართლოს უკვე მიმართა. მისი მთავარი მოთხოვნებია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის ბრძანების, რომელიც შორენას განთავისუფლებას შეეხება, ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება, საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის გაუქმება და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებაა.

„სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე მეტ კონკრეტიზაციას ვერ შემოვიტან, მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ სასამართლოს დასრულების შემდგომ ყველა დეტალზე ვისაუბრებ ღიად“ - გვითხრა შორენა ურუმაშვილმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ ურუმაშვილის სარჩელი საქართველოს სახალხო დამცველმაც შეისწავლა და მარნეულის საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა.

„სახალხო დამცველმა უკვე გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც დიდი ალბათობით უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის იქნება ცნობილი სადაც სახალხო დამცველმა პირდაპირ დაადგინა შორენა ურუმაშვილის შრომის უფლების ხელყოფა. სასამართლო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ვერ ვსაუბრობ დეტალებზე, თუმცა გეტყვით, რომ სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაცია უკვე გამოცემულია და იქ არის ესეთი ჩანაწერი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია ჩემი შრომის უფლებები. კერძოდ, რასაც მე ვდაობ ის ფაქტობრივი გარემოებებია მოყვანილი, რომ არ იქნა შესაბამისი უნარჩვევები გამოკვლეული ადამიანების და თანამშრომლების მიმართ და ა.შ.“

რადიო „მარნეული“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან, გასაუბრებას შეეცადა. გიორგაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მაგრამ მოკლეტექსტური შეტყობინებით მოგვწერა, რომ „სასამართლოში მიდის პროცესი თუ ვინმემ რამე დარღვევა ნახა შეუძლიათ პროცესზე წარადგინონ“.

მარნეულის საკრბეულოს წინააღმდეგ სასამრთლო პროცესი სექტემბერში გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები