ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე სერვისის მიწოდება - მარნეულის მერობის კანდიდატების ხედვა
პლატფორმა „სალამი“ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს წინასაარჩევნო პროგრამასა და პლატფორმაში შეიტანონ მარნეულის თვითმმართველობის სერვისების თარგმნის შესახებ დაპირება და ადმინისტრაციაში უმცირესობების ენაზე წერილების მიღებისა და გაცემის შესახებ დაპირება.

როგორც „სალამი“ „მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანული თემის საჭიროებების, წუხილებისა და გამოწვევების“ შესახებ კვლევაში აღნიშნავს, მოსახლეობა ხშირად არ მიმართავს თვითმმართველ ორგანოებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად, ხოლო თუ მიმართავს ვერანაირ შედეგს ან პასუხს ვერ იღებს.

„მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის არსებული ხიდჩატეხილობის განცდის მიზედად ენობრივი ბარიერი, მოსახლეობაში არსებული შიშები და უმცირესობების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებები სახელდება. ფოკუს ჯგუფების დროს გამოვლინდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არსებითად უკმაყოფილოა ადგილობრივი საჯარო მოხელეების მუშაობით. მოსახლეობას ესმის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები უპირველესი როლი და მოვალეობა მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთვის სერვისების მიწოდებაა. თუმცა, ისიც იციან, რომ ამას თვითმმართველობა სრულფასოვნად ვერ შეძლებს, თუ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე არ განახორციელებს საკუთარ საქმიანობას. მათი აზრით, საჯარო მოხელეები ხშირად უარით ისტუმრებენ მოქალაქეებს ან უარს აცხადებენ მათ მიღებაზე, მაშინაც კი როცა ადგილზე არიან და სხვა საქმე არ აქვთ“. - აღნიშნულია „სალამის“ ანგარიშში

რადიო „მარნეული“ შეეცადა მარნეულის მერობის კანდიდატებისაგან გაეგო, გეგმავენ თუ არა ისინი მერად გახდომის შემთხვევაში მუნიციპალიტეტში ისეთი სერვისის შექმნას, რომელიც მარნეულში მცხოვერებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მათთვის გასაგებ ენაზე სერვისის მიწოდებაში დაეხმარება. მარნეულში წელს სულ სამი მერობის კანდიდატი გვყავს. ქენან ომაროვი „ქართული ოცნებიდან“, ახმედ იმამკულიევი „ევროპული საქართველოდან“ და ელდარ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას სერვისი, რომლის დახმარებითაც ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ. რადიო „მარნეულის“ ზარებს კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არ პასუხობს.

ახმედ იმამკულიევის განცხადებით, ჯერ კიდევ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რდესაც ის მარნეულის მერობისათვის იბრძოდა, ჰქონდა ინიციატივა და დაპირება, რომ მუნიციპალიტეტში შეიქმნებოდა სივრცე, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სომხებს მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ შეიტანონ მათთვის გასაგებ ენაზე განცხადება, ამას გადათარგმნიდნენ იმ სივრცეში მომუშავე პიროვნებები და შემდეგ, როცა პასუხი გაეცემოდა მას სახელმწიფო ენაზე, რადგან თქვენ იცით, რომ საქმისწარმოება სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს, პასუხის გაცემის დროს მოქალაქეებს პასუხს მათთვის გასაგებ ენაზე სწორედ ის პირები გადაუთარგმნიან, ვინც ამ სივრცეში იქნებიან დასაქმებული“.

იმამკულიევი მიიჩნევს, რომ ამ მექანიზმის ამოქმედებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუადვილდებათ.

იმამკულიევის მსგავსად გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში ახალი სამსახურის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ელდარ მუსტაფაევი.

„გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულები თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და მაქსიმალურად მოხდება მათთვის სასურველი სერვისების მიღება საჯარო სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო სამსახური საქმის წარმოებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღნიშნული კოდექსის მე-14 მუხლით ადმინისტრაციული წარმოების ენა არის ქართული და ჩვენ რათქმა უნდა ვემორჩილებით მოქმედ კანონმდებლობას, ამის გამო მიზანშეწონილად მიმაჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიქმნება სამსახური ,,კონსულტაციისა და მომსახურების სერვისის“ სახელწოდებით, რომელის დებულებით გათვალისწინებული იქნება მოქალაქეების როგორც იურიდიული ასევე სხვა კონსულტაცია - დახმარება, რაშიც გათვალისწინებული იქნება როგორც განცხადებების დაწერის დახმარება სახელმწიფო ენის არ მცოდნე მოქალაქეებისთვის, ასევე მიღებული წერილების განმარტება“ - გვპასუხობს მუსტაფაევი

რადიო მარნეულისათვის წერილობით მიცემულ კომენტარში მუსტაფაევი განმარტავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში არა მარტო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, არამეთ ეთნიკურად ქართველებსაც ესაჭიროებათ კონსულტაცია და დახმარება იუყრიდიული ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, ხოლო სამსახური, რომლის გახსნასაც ის მარნეულელებს ჰპირდება, მოქალაქეებს სწორედ ამ საკითხების გაგებაში დაეხმარება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები