ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება შეუწყდა, გაჩნდა რადიაციის გაჟონვის საფრთხე
უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ 9 მარტს განაცხადა უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორმა, „უკრენერჰომ“. უწყების თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზები სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა და კიევის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების გამო შეუძლებელია მათი შეკეთება.

ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა და საფრთხე არ შეექმნას „უკრაინას, რუსეთს, ბელარუსსა და ევროპას“, - ნათქვამია უწყების „უკრენერჰოს“ განცხადებაში.

„ჩერნობილს დენი არ მიეწოდება. მოვუხმობ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ცეცხლი და ტექნიკოსების ჯგუფებს საშუალება მისცეს რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

მისი თქმით, ელექტროსადგურს მოეპოვება დიზელის გენერატორები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს დენით მომარაგებას, რის შემდეგაც გამაგრილებელი სისტემა გაჩერდება და „რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი გახდება“.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან. ამ კავშირის დაკარგვის შესახებ სააგენტომ 8 მარტს განაცხადა.


1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტს უკრაინამ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია. ისინი 24 თებერვლის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობენ და უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. უკრაინა საერთაშორისო სააგენტოს სთხოვს, მოამზადოს პერსონალის შეცვლის და როტაციის ეფექტური სისტემის გეგმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, მარიანო გროსის განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი რთულ და დაძაბულ ვითარებაში იმყოფება, რაც ბირთვული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს ქმნის. გროსი ატომურ ელექტროსადგურზე „ეფექტური კონტროლის" მქონე ძალებს, ანუ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პერსონალის უსაფრთხო როტაცია.

3 მარტს, ღამით რუსეთის სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები