აშშ-ს სახელმწფო დეპარტამენტის ანგარიშში დმანისში მომხდარი დაპირისპირებაც მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2021 წლის მარტში დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაპირისპირებაც მოხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის რასობრივი და ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის თავში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„მაგალითისათვის, 16 მარტს, ჩხუბი დაიწყო ქალაქ დმანისში მაღაზიაში რომლის მეპატრონეც ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო. კონფლიქტი დაიწყო როდესაც სვანებს (ეთნიკურად ქართველების) უარი უთხრეს მათი შენაძენის ვალად გაცემაზე. ჩხუბი სწრაფად გადაიზარდა ბუნტში სვანებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის. პოლიციამ ბუნტის გამო დააკავა ექვსი სვანი და ასობით სვანმა, რომლებიც მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები არიან, საპროტესტო აქცია გამართეს მათ გასათავისუფლებლად. პოლიციამ ექვსი დაკავებული გაანთავისუფლა, ჯგუფი დაბრუნდა ეთნიკურად აზერბაიჯანელების უბანში და 17 მარტს ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის განახლებული დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა“. - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 17 მარტს დმანისში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ლილუაშვილი განცხადებით, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები საქართველოს მოქალაქეები არიან და ამდაგვარი ძალადობა დაუშვებელია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაპირისპირება მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქმეში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჩაერიენ, ხოლო კონფლიქტში მონაწილე არც ერთი პირი არ დაკავებულა.

სახელმიწფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურამ ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის სულ 9 პირს წაუყენა ბრალდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები