არამგონია პოლიციას ჩემი შვილი ჩემზე მეტად უყვარდეს - ეთნიკურად აზერბაიჯანელი მშობლები ადრეულ ასაკში ქორწინებაზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადრეული/ბავშვთა ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკების განწყობების კვლევის მიხედვით , რომელიც ქვემო ქართლში ჩატარდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემში გამოკითხული მშობლები ადრეულ ასაიკში ქორწინების პრაქტიკას სრულიად ნეგატიურად არ აფასებენ და მას წინაპრებისაგან შემორჩენილ წესად განიხილავენ. განწყობების კვლევის მიხედვით, მშობლები თვლიან, რომ ოჯახის შექმნა ნებისმიერ ასაკში მძიმე ტვირთია და რაც უფრო ადრეულ ასაკში შევა ადამიანი ამ სივრცეში მით მალე გაიაზრებს პასუხისმგებლობას.

ფოკუს ჯგუფის მონაწილე მშობლებს აქვთ ინფორმაცია, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინება კანონმდებლობით დასჯადია, მაგრამ თვლიან, რომ ხშირად ამ ბრალდებით არავინ ისჯება.

"არ მგონია, რომ პოლიციას და სახელმწიფოს უფრო მეტად უყვარს ჩემი შვილი, ვიდრე მე და ჩემზე მეტად უნდა, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. ამიტომ, ვერავინ ვერ ამიკრძალავს, თუ როგორ უნდა მოვიქცე მე ჩემს ოჯახში და ჩემს შვილებთან. როცა გვიჭირს, ვინ მოდის და ვინ გვეხმარება? სულ დაჭერაზე რომ იყურებიან". - აცხადებს 48 წლის მშობელი

კვლევის მიხედვით, მშობელი ქალების ფოკუს ჯგუფებში მონაწილე რესპონდენტები თვლიან, რომ ადრეულ ასაკში ქორიწინების პრაქტიკას უმეტესწილად ქალები და გოგოები ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირეებით სწორედ ქალი რესპონდენტები ამჟღავნებდნენ რადიკალურ მოსაზრებებს.

"მე უნდა მოვკვდე, რომ შეძლონ ჩემი ქალიშვილის დაქორწინება ადრეულ ასაკში. მე თავად ვიყავი ბავშვი პატარძალი. 14 წლის ასაკში დამაქორწინეს, ცხოვრების, ოჯახის აღქმა არ მქონდა ჩამოყალიბებული და არც ვიცოდი, რა მელოდა წინ. ეხლაც მაწუხებს ინტიმური ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ ჩემს სამივე შვილს ამ საკითხებზე აქტიურად ვესაუბრები მათი პატარა ასაკის მიუხედავად. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დედის მხრიდან მკაცრი პოზიციის დაყენება". - აცხადებს 33 წლის დედა

განწყობების კვლევის შესაბამისად, მშობლები თვლიან, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარეობს.

"ხშირად, მშობლები საუბრობენ უსაფრთხოების და შვილებზე ზრუნვის საკითხებზეც. მშობლების ფოკუს ჯგუფების მონაწილეების დისკუსიების მიხედვით, ხშირად ისეთი ბაზისური საკითხებიც კი, როგორიცაა სოფლებში ტრანსპორტის და გარე განათებების არარსებობა, ადამიანის უსაფრთხოების დაცვაზე სახელმწიფოს არასათანადო ზრუნვის შედეგია.
მონაწილეები აცხადებენ, რომ მართალია, დღეს სიტუაცია შედარებით შეიცვალა, თუმცა პრობლემები მაინც რჩება. ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სამივე შვილს ვერ ასწავლის. შესაბამისად, არჩევანი მხოლოდ ერთ შვილზე უნდა გააკეთოს, ხოლო დანარჩენები უნდა დასაქმდნენ და დაქორწინდნენ და საკუთარ თავს მიხედონ".
- აღნიშნულია განწყობების კვლევაში

კვლევის მიგნებების მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიღრმისეული მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, უპერსპექტივობის განცდა და პატრიარქატია, ხოლო ბაზისური ინფრასტრუქტურული გამოწვევები გავლენას ახდენს როგორც გოგოების განათლების ხელმისაწვდომობაზე, ასევე მათ ადრეულ ასაკში ქორწინებაზე.

"ფოკუს ჯგუფების და შეხვედრების შედეგად ვლინდება, რომ როგორც ახალგაზრდები, ისე მათი მშობლები საუბრობენ უპერსპექტივობის განცდაზე, სიღარიბესა და პატრიარქატზე, როგორც ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზზე. მშობლები აცხადებდნენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გარე განათებების არარსებობის, ასევე, პოლიციის თანამშრომლების გულგრილობის პირობებში, ისინი არსად არ გაუშვებდნენ თავიანთ შვილებს, რადგანაც არ სურთ მათ საფრთხე შეექმნათ".

სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფოს რეკომენდაციით მიმართავს, გამოყოს სპეციალური გრანტი სოფელში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგოების სწავლის დასაფინანსებლა. სახალხო დამცველის რეკომენდაცია ასევე შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში პროექტების ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისა და გოგოების განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის ჭეილში განხილვასაც.

კვლევა მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პლატფორმა სალამთან თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის, "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

განწყობების კვლევის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინების მხარდამჭეი მშობლების მოსაზრებების და მათ განწყობებში არსებული სიღრმისეული მიზეზების შესწავლაა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები