სამირა ბაირამოვას დაცვის სპეციალური პროგრამა სრულდება - მუქარის გამო არავინ დაკავებულა
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ პროკურატურის დაცვის სპეციალური ღონისძიება, რომელშიც თავადაა ჩართული, უახლოეს დღეებში დასრულდება, პირები კი ვინც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ ჯერ კიდევ არ არიან დაკავებული.

„ჩემი ბოლო ინფორმაციით, რაც ამ დღეებში მივიღე, გამოძიება ადრე რა ეტაპზეც იყო, ახლაც ისეა. არანაირი სიახლე ამ მიმართულებით არაა, რაც სამწუხაროა. უახლოეს დღეებში დამთავრდება ჩემი პირადი დაცვის პროგრამა და როგორც ადრე ავღნიშნე არ ვაპირებ ამ პროგრამაში დარჩენას და დაცვის სპეციალური ღონისძიების გაგრძელებას. არა იმიტომ, რომ ცუდი პროგრამაა, არამედ თავიდანვე ჩემი მიზანი იყო და იმედი მქონა რომ შსს გამოძიებას დაიწყებდა და ეფექტიანად წარმართავდა, ამ დღეებში კი მე დაცული ვიქნებოდი. ამ პროგრამაში, ორივე მხარის შეთანხმებით, რა თქმა უნდა, იყო ისეთი პირობები რომლებიც მიზღუდავდა თავისუფლებას, რომ ხალხმრავალ ადგილას მივსულიყავი და სხვადასხვა პროცესები გამეგრძელებინა“.

სამირა ბაირამოვას განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფებს, როგორიც „ალტ-ინფოა“ და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ ჯგუფების წინააღმდეგ საქმის წამოწყების შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინი ამ ბერკეტებს არ იყენებენ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თუ საედან ფინანსდებიან ეს ჯგუფები და თუ მთავრობას ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები მაშინ მათ გარკვეული ზომები უნდა მიიღონ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან დასავლურ ღირებულებებს, მათ არ უნდათ რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და უნდათ რუსეთთან დაახლოება“.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა თუ რამდენად უჭერს ქართველი ხალხი მხარს ევროპას. ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფებები კი ცდილობენ, რომ საქართველოში განსხვავებული სურათი დახატონ და წარმოაჩინონ, თითქოსდა საქართველო არაა ევროკავშირში შესვლის ღირსი.

„ამ ჯგუფების გააქტიურება არის თითოეული ადამიანისათვის საფრთხე რადგან ისინი ემუქრებიან და ულტიმატუმს უყენებენ ხალხს. ისინი არიან საქართველოში მცხოვრები ყველა უმცირესობებისათვის, რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობებისათვის, საფრთხე და ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მიღებული ვალდებულების ხელშემშლელი ჯგუფები არიან, რაც ძალიან დიდი პრობლემაა“. - აცხადებს სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვამ სამართალდამცავ უწყებას 15 მარტს მას შემდეგ მიმართა, რაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა.

სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები