„ენმ“-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი გახდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი გახდა. „ენმ“-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარების არჩევნები 21 მაისს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში გაიმართა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აზად ქარიმოვმა განაცხადა, რომ არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით მარნეულის მუნიციპალიტეტი ამომრჩეველთა ჩართულობის მხრივ მეორე ადგილას გავიდა.

„10 000-მდე ამომრჩეველი დარეგისტრირდა მთელი საქართველოს მასშტაბით. მარნეული მთელი საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა ამომრჩევლების აქტივობის მიხედვით. აქ სულ 1 051 ამომრჩეველი დარეგისტრირდა და აქედან 660-მა ამომრჩეველმა მე დამიჭირა მხარი“. - განაცხადა აზად ქარიმოვმა

„ენმ“-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე მის ამომრჩევლებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ აქტიურად დაიწყებს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს.

„ჯერ ადრეა სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ. მე სოფელ-სოფელ დავდივარ და ხალხთან ერთად ვიქნები“. - აცხადებს აზად ქარიმოვი

ქარიმოვის განმარტებით, „ენმ“-ს მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში იგეგმება ცვლილებებიც. აცხადებს, რომ გაიხსნება ქალთა ორგანიზაცია, რადგან პარტიაში ამ ეტაპზე არ არიან ჩართული ბევრი ქალები.

მარნეულის რაიონული ორგანიზაცციის თავმჯდომარის არჩევნებში ორი კანდიდატი აზად ქარიმოვი და ელდარ მუსტაფაევი იღებდნენ მონაწილეობას.

რადიო „მარნეული“

Print