„დენდროლოგიური პარკი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის
სანაპიროსთან, სოფელ
ნატანებში 60 ჰექტარზეა გაშენებული. ტერიტორია სასტუმრო „პარაგრაფს“
ესაზღვრება. ის მსურველთათვის ღიაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ასევე
არის კერძო ტერიტორია, რომლის დამთვალიერებლებისთვის დაკეტვის უფლებაც
მფლობელს ნებისმიერ დროს აქვს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54
ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“.
შპს „ურეკი რეზიდენსის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის
ცოლი – ეკატერინე ხვედელიძეა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით,
აღნიშნული შპს ბერა ივანიშვილმა დედას 6 ივნისს აჩუქა. ბერა
ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა
ივანიშვილი იყო.
„პუბლიკასთან” საუბრისას შპს „ურეკი რეზიდენსის” დირექტორი პაატა
სულაბერიძე ადასტურებს, რომ „პარკს ფლობს „ურეკი რეზიდენსი“ და ის
ყველასთვის ღიაა. ცალკე იურიდიული ფორმით დენდროლოგიური პარკი არ
არსებობს, არც შპს, არც სხვა”,
– ამბობს ის.
„პუბლიკის” შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პარკის ოფიციალური გადაცემა
სახელმწიფოსთვის, სულაბერიძე პასუხობს:
„ჯერჯერობით არ იგეგმება, მე მგონი არა. მოვლა-პატრონობა სჭირდება და
ამას ვუვლით ჩვენ ძირითადად, რადგან უფასოა. მერე უკვე დიდი ხარჯი
იქნება. ყოველი შემთხვევისთვის თავიდან დიდი მოვლა-პატრონობა სჭირდება
ყველაფერს“, – ამბობს ის.