სულ მცირე 387 ადამიანი დააკავეს ალექსეი ნავალნის ხსოვნის აქციებზე
რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 16-18 თებერვალს, იტყობინება
უფლებადამცველი მედიაპროექტი „ო-ვე-დე ინფო“.
მას შემდეგ, რაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს
ნავალნის სიკვდილის შესახებ განაცხადა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში
მისი ხსოვნის დემონსტრაციები გაიმართა.
რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეებმა სტიქიურად სცადე ნავალნის
ხსოვნის მემორიალების მოწყობა, თუმცა ძალოვნები მათ ხელს უშლიდნენ,
ზოგს კი აკავებდნენ.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში
ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.
უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად,
იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის
გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების
მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი
წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა
სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო
აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი
ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი
მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა
რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში
მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად,
ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე,
ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული
სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო
იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ
კოლონიაში გადაიყვანეს.